ხშირად არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი - ტიკარაძე

პუბლიკა

„გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 2-3% და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 15%”, – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ 26 დეკემბერს, ქვეყანაში კორონავირუსის მკურნალობის ხარისხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, ქვეყანაში შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ ხარვეზების გამოსწორებაზე კლინიკებთან ერთად მუშაობს. პროცესში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტებიც.

„ისინი ნოემბერში ჩაერთნენ და ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 2-3% და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 15%. ყველა ეს პრობლემა იდენტიფიცირებულია. საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან პირისპირ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“,- განაცხადა ტიკარაძემ.