ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ენმ საბოლოოდ დასუსტდეს - კობახიძე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და პარტიის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა არა კონკრეტულ პარტიებს შორის შერიგებას, არამედ საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევას ითვალისწინებს.

„[პრეზიდენტმა] დააზუსტა, რომ არ იგულისხმება რასაც ქვია შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არ არის, როგორც ასეთი, მიზანი ამ პროცესის. მიზანი არის საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობაზეც ისაუბრა:

„როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც 9 წლის მანძილზე ჩაიდინა უამრავი დანაშაული… ასეთ პირობებში რთულია მომავალში საუბარი.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომავალში იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ დასუსტდეს. ტენდენცია არის ძალიან კარგი, ხედავთ, ტემპიც არის კარგი. [დასუსტებაში ვგულისმობ] მორღვევა, მოშლა და ა.შ. ის პროცესი, რომელიც დღეს წარიმართება ამ პოლიტიკურ პარტიაში.

ეროვნული თანხმობაც იქნება ბევრად მარტივი, როდესაც პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება დანაშაულებრივი კრიმინალური ძალა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეროვნული თანხმობის მისაღწევად წამოწყებული კონსულტაციების ფარგლებში შეხვდნენ. დღეს პრეზიდენტს ეწვევა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაც.