ბაიდენის თქმით, რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მაგრამ ეს შესაძლოა „მცირე შეჭრა“ იყოს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. თუმცა, შესაძლოა, ეს არ იყოს სრულმასშტაბიანი ომი.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთმა რამე უნდა მოიმოქმედოს, მაგრამ თუ ეს იქნება „მცირე შეჭრა“, მაშინ რუსეთისთვის შედეგებიც მცირე იქნება, განსხვავებით ფართომასშტაბიანი აგრესიისგან.

„ერთია, რომ თუკი ეს მცირე შეჭრა იქნება, ჩვენ შემდეგ მოგვიწევს კამათი იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და რა – არა“, – თქვა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე. „მაგრამ თუ ისინი რეალურად გამოიყენებენ მთელ იმ შეიარაღებული ძალებს, რაც მობილიზებული ჰყავთ უკრაინის საზღვრებთან და იქნება მსხვილმასშტაბიანი აგრესია, ამას რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ბაიდენმა.

მძიმე სანქციებს შორის ბაიდენმა დაასახელა რუსეთისთვის დოლარში საბანკო გადარიცხვების შესაძლო აკრძალვა.

ჟურნალისტების ჩაკითხვის შემდეგ, რას გულისხმობდა „მცირე შეჭრაში“, ბაიდენმა განმარტა, რომ მან წითელი ხაზი გაავლო რუსული ჯარების მიერ უკრაინის საზღვრების გადაკვეთაზე.

თეთრმა სახლმა კი მოგვიანებით განმარტა, რომ „მცირე შეჭრად“ შეიძლება მოიაზრონ პარამილიტარული ძალების გააქტიურება უკრაინაში ან კიბერთავდასხმები, მაგრამ რუსული შეიარაღებული ძალების ამოქმედებას მკაცრი სანქციები მოჰყვება.

თუმცა, ბაიდენის დაზუსტების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას კიევში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც CNN წერს, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი გაოგნებულები არიან, რადგან შეერთებულმა შტატებმა „მცირე შეჭრაზე“ ამ კომენტარით რუსეთს აგრესიისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო.

ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა რუსეთის ულტიმატუმსა და უკრაინის მომავალზე NATO-ში. მისი თქმით, მოსკოვი მოითხოვს, რომ უკრაინა არასდროს შეუერთდეს ალიანსს და NATO-მ არ განათავსოს სტრატეგიული სამხედრო პუნქტი უკრაინაში.

ბაიდენის თქმით, სამხედრო პუნქტის განთავსებაზე მსჯელობა შეიძლება და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი NATO-ში მოსახვედრად და ეს ახლო მომავალში ვერ მოხდება, ალიანსის გაფართოება მხოლოდ მოკავშირეებისა და მასში შესვლის მსურველი ქვეყნის გადასაწყვეტია.