„კულტურის სფეროში ბოლშევიკური წმენდის გასაპროტესტებლად" - აქცია სამინისტროსთან

პუბლიკა

„დიდება პარტიას, კულტურის მტრების გამოვლენისთვის“, – კულტურის სამინისტროსთან ამ სლოგანით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები ხელოვნების მუზეუმის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეროვნულ მუზეუმში და მასთან დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილებები დაიწყო, რის შემდეგადაც ათობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება მახვილდებოდა შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზე“, რასაც დარგის სპეციალისტების პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა.

სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დასკვნა ნიადაგის მოსინჯვა იყო ხელოვნების მუზეუმის შენობის დემონტაჟისთვის, რასაც კულტურის სამინისტრო სიცრუეს უწოდებდა. მეცნიერები და სპეციალისტები ასევე კრიტიკულად აფასებდნენ შენობაში დაცული ექსპონატების ევაკუაციის ახალ გეგმას, მაშინ, როდესაც წულუკიანის მინისტრად დანიშვნამდე არსებობდა წლების განმავლობაში დამუშავებული ექსპონატების ევაკუაციის გეგმა და ასევე, არსებობდა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტიც.

შენობის „არარენტაბელურობაზე“ დასკვნას წინ უძღოდა მინისტრ თეა წულუკიანის საჯარო განცხადებები და ბრალდებები, რომ „მუზეუმი გამოიშიგნა“ და ექსპონატები დაკარგული იყო.

ივლისშივე შენობის „რენტაბელურობის“ შესახებ დასკვნა გააკრიტიკა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა და ის ლაბორანტის პოზიციაზე დანიშნეს. მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი გათავისუფლებას მის საჯარო განცხადებებს უკავშირებდა. ეკა კიკნაძის გათავისუფლების შემდეგ, მუზეუმი პროტესტის ნიშნად რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა, ხოლო ნაწილი კი გაათავისუფლეს, მათ შორის შუა საუკუნეების ფონდის მთავარი კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძე; ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე, რომელიც მუზეუმში ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორია; და ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძე, მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი იყო.

რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლები გაათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.

სააგენტოდან გათავისუფლებულებს შორის არიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე, ისტორიკოსი გიორგი ჭეიშვილი, რომელიც ამავდროულად არის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია და სხვები.

გათავისუფლებული თანამშრომლები გათავისუფლების მიზეზად სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას, მათ საჯარო პოზიციონირებასა და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მათ შეხედულებებს უკავშირებენ.