საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2021 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5 958 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში 49 წლით გადაეცა – ინფორმაცია თავდაპირველად გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა.
სარგებლობაში გადაცემული 5 958 კვ.მ ტერიტორია ნუნუ თამაზაშვილის საკუთრებაში არსებული 1 530 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებგვერდის მიხედვით, სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონი 17 დეკემბერს გამოცხადდა. ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო და ამ მიწის ნაკვეთზე ინტერესი ერთმა პირმა გამოხატა. ამავე პირმა აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.
„გამარჯვებულმა პირმა, სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით – ტურისტული ინფრასტრუქტურის (დროებითი ტიპის ფანჩატურის) მოსაწყობად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შსაბამისად,, სარგებლობა უნდა განხორციელდეს ხე-მცენარეები ჭრისა და შემოღობვის გარეშე. ტურისტული მარშრუტის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში დასაშვებია საფეხმავლო ბილიკების და მსუბუქი კონსტრუქციის მცირე ზომის ფანჩატურების განთავსება ბაკურიანის გენგეგმის შესაბამისად“, – ვკითხულობთ აუქციონის ვებგვერდზე მიწის გამოყენების პირობებში.