ჩანაწერების გასაჯაროება ზიანს აყენებს დაზარალებულთა ინტერესებს - PHR ბასილაშვილის საქმეზე

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR“ ეხმაურება ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საუბრის ჩანაწერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მედიაში. ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს აღნიშნული კომუნიკაციის აუდიოჩანაწერების გასაჯაროებას.

PHR-ის თქმით, ჩანაწერი პირველ რიგში ზიანს აყენებს დაზარალებულთა, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს. ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2022 წლის 22 იანვარს მედიაში გავრცელებულ იქნა ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საუბრის ჩანაწერები, რაც წარმოადგენს მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნული ჩანაწერები აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას ბავშვის შესახებ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ბავშვისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია აღნიშნული კომუნიკაციის აუდიო ჩანაწერების გასაჯაროება, რაც პირველ რიგში ზიანს აყენებს დაზარალებულთა, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს და იწვევს მათ მეორეულ ვიქტიმიზაციას.

ჩვენთვის უცნობია ინფორმაციის გასაჯაროების პირველადი წყარო, შესაბამისად, მოვუწოდებთ ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელ ყველა პირს, ასევე მედიას, თავი შეიკავონ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებისაგან და უზრუნველყონ აღნიშნული ჩანაწერების აღება საჯარო სივრციდან.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის (5 ეპიზოდი) საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

აღნიშნულის საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო ბრალდებულის მიზეზით. შემდგომი სხდომა ჩანიშნულია 2022 წლის 16 თებერვალს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომები საჯაროა. PHR აგრძელებს ნელი დოროყაშვილისა და ბავშვის ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის საქმეში“, – ვკითულობთ განცხადებაში.