7 იანვარს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია, რომელიც 2022-2030 წლებში უნდა განხორციელდეს.
სტრატეგიაში საუბარია 6 ამოცანის შესრულებაზე. ეს არის – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მხარდაჭერა და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვა და სტიგმის შემცირება; ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისების საცხოვრებელთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდება; ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადიქციის მქონე პირთა მკურნალობის ხელშეწყობა; ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადამიანური რესურსების განვითარება; ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეგულირება, მართვა, კონტროლი და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობის პროცესს დადებითად აფასებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქცენტს მომავალში სტრატეგიით დასახული მიზნების იმპლემენტაციაზე აკეთებენ.
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობა – რას გეგმავს სახელმწიფო მომავალი 10 წლის განმავლობაში
2019 მონაცემების მიხედვით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 3217 ბავშვია რეგისტრირებული, რაც საერთაშორისო მონაცემებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში შემთხვევების უმრავლესობა აღურიცხავია.
საერთაშორისო მონაცემებით ბავშვთა და მოზარდთა სულ მცირე 17,6%-ს აწუხებს ფსიქიკური აშლილობები და დადგენილია, რომ მოზარდების 20% შეიძლება განიცდიდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.
სტრატეგიაში წერია, რომ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს შეუძლია, გავლენა იქონიოს ბავშვის განვითარებაზე, საგანმანათლებლო მიღწევებსა და ცხოვრების პროდუქტიულობაზე.
სტრატეგიის მიხედვით, დღეს ქვეყანაში ბავშვებისა და მოზარდების არსებული ამბულატორიული სერვისების რაოდენობა მწირია და ბავშვთა და მოზარდთა საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. ასევე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობათა პრევენციის სერვისები ნაკლებად არის დანერგილი.
რა იგეგმება მომავალი 10 წლის განმავლობაში?
დოკუმენტში აღწერილია, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მომავალი 10 წლის განმავლობაში ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პრობლემების გადასაჭრელად:
- ფსიქიატრების, სპეციალიზებული ექთნების, კლინიკური ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, ადიქტოლოგებისა და სპეციალური პედაგოგების გადამზადება.
- საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 20,000 მოსახლეს აღემატება, შეიქმნება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები, სადაც ბავშვები და მოზარდები კვირაში ერთხელ ან ორჯერ ივლიან ფსიქოთერაპიის, ჯგუფური თერაპიის, სპეციალური სწავლებისა და განათლების მიღების მიზნით.
- სულ მცირე, ბათუმსა და საქართველოს ერთ ან ორ დიდ რეგიონში, შეიქმნება 3-4-საწოლიანი მწვავე, ე.წ. კრიზისული სტაციონარული განყოფილებები ბავშვებისთვის, სასურველია, ისეთ ზოგადი პროფილის საავადმყოფოში (ან იმგვარი საავადმყოფოს სიახლოვეს), რომელსაც აქვს პედიატრიული მომსახურება და სხვა ამბულატორიული რესურსები.
- ორგანული მიზეზებით გამოწვეული შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახში დარჩენის მიზნით ამოქმედდება პერსონალური ასისტენტის სერვისი; ასევე შეიქმნება სპეციალური მცირე ზომის საცხოვრისები, რომლებიც დაფინანსდება სოციალური/ჯანდაცვის პროგრამებით.
- გაგრძელდება ინკლუზიური განათლების და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლის ხელშეწყობა – სპეციალური პედაგოგის მეშვეობით, ან მათ გარეშე, და თანდათანობით მოხდება სპეციალიზებული სკოლების ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.
- მოზარდები, რომლებიც მკურნალობენ ფსიქიკურ აშლილობას და აქვთ ადიქციის პრობლემა, მიიღებენ ნარკოლოგისა და ადიქციის სხვა სპეციალისტების კონსულტაციასა და საჭირო სერვისებს მკურნალი ფსიქიატრისა და, ზოგადად, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე. გუნდური მუშაობა და ჩამოყალიბებული ადიქციის აუცილებელი მკურნალობის ხარჯი დაფინანსდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
- იმ ქალაქებში, დაბებსა თუ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 5000-ს აღემატება, შეიქმნება ბავშვთა და მოზარდთა საკონსულტაციო ცენტრები და სამსახურები, რომლებიც მათ მომსახურებას გაუწევს – მოთხოვნისთანავე, ნებისმიერ დროს, უშუალოდ ან/და ტელემედიცინის სერვისების დახმარებით.
- გაფართოვდება აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა სპეციფიკური საჭიროების შეფასება და საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის სისტემა.