შფოთვითი აშლილობა და ყურადღების დეფიციტი ბავშვებში | მიმდინარე კვლევა

როგორია ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, აუტისტური სპექტრის, ქცევითი და ემოციური დარღვევების სიხშირე? – ამის დასადგენად 2019 წლიდან მასშტაბური კვლევა დაიწყო, რომლის მხარდამჭერიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდია.

კვლევის პირველი ეტაპი ბავშვების სკრინინგს გულისხმობს, მეორე ეტაპი კი – დიაგნოსტიკას. კვლევაში მონაწილე პირებმა ორი სახის კითხვარი შეავსეს – ერთი შეეხებოდა,ზოგადად, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მეორე კი – აუტისტურ სპექტრს.

სკრინინგის ეტაპზე კვლევაში მონაწილეობდნენ თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და თელავის სულ 211 საჯარო სკოლის მესამე კლასელი (8-9 წლის ასაკის) მოსწავლეები, ჯამში 16 654 ბავშვი. „პუბლიკა“ წინასწარი მონაცემებისა და კვლევის პროცესის შესახებ კვლევის ხელმძღვანელს, ბავშვთა ნევროლოგსა და მედიცინის დოქტორს, მაია გაბუნიას ესაუბრა:

„ამ დროისთვის ვიმყოფებით მეორე ეტაპზე, სადაც შემთხვევითი შერჩევით ბავშვები ფასდებიან უფრო ღრმად, დეტალურად, თითოეულ მათგანს უკეთდება 7 სხვადასხვა კვლევა. საკმაოდ დიდი მოცულობის შრომაზეა ლაპარაკი, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ შრომის გაწევა, რადგან ინფორმაციას, რომელსაც მივიღებთ, საბოლოო ჯამში  იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის: გვეცოდინება 8-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

როცა კვლევა დავიწყეთ, მაშინ კორონა ჯერ კიდევ არ იყო. დარწმუნებული ვარ,  ეს სკრინინგი ახლა რომ ჩაგვეტარებინა, სავარაუდოდ,  რისკჯგუფის ბავშვების შედეგები კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე დღეს გვაქვს. აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ეს სკრინინგული ეტაპი კორონამდელ პერიოდში ჩატარდა.

საერთაშორისო სტატისტიკით, ბავშვების დაახლოებით 10-20%-ს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. ამ სკრინინგის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიხშირე დაახლოებით 12%-დან 15%-მდეა, ლაპარაკია რისკჯგუფის ბავშვებზე.  რამდენად დადასტურებულად ექნებათ გარკვეული დიაგნოზი რისკჯგუფის ბავშვებს, უფრო დეტალურად მეორე ეტაპზე გაირკვევა. სავარაუდოდ, ეს კვლევა დასრულდება წლის ბოლოსთვის, უფრო ზაფხულისთვის“.

წინასწარი მონაცემებით, რა განმასხვავებელი ნიშნებია ადგილობრივ და საერთაშორისო მონაცემებს შორის?

ასეთი განსხვავება აქ არ არის, თითქოს მივყვებით იმ პრობლემებით, რომლებიც არის: ყველაზე ხშირი იყო შფოთვითი აშლილობა, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ანუ ქცევის გარკვეული დარღვევები. საერთაშორისო სტატისტიკითაც ასეა.

რაც შეეხება ნამდვილ სიხშირეს, როგორ არის – 15%, თუ ეს არის 10% – ეს გვეცოდინება კვლევის ბოლოს. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემაა ქვეყანაში, მით უფრო მაღალია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაჩვენებელი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ყველა ვარიანტში, ალბათ, 10%-ზე მეტი უნდა იყოს. ამიტომ ვნახოთ, ჩვენი მონაცემებითაც ასე ჩანს. მგონია, რომ, სავარაუდოდ, ასეც იქნება.

როგორ შეიძლება ამ პრობლემებმა თავი იჩინონ ზრდასრულ ასაკში? როგორ შეიძლება მშობელმა ამოიცნოს შფოთვითი აშლილობა და ქცევითი დარღვევა?

სხვათა შორის, ერთი ძალიან საგულისხმო ფაქტია, რომ მოზრდილობის ასაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების 50% იწყება ბავშვობაში და 75% – 24 წლამდე. ანუ უმეტესი ნაწილი იწყება სწორედ ამ ასაკში და თუ თავის დროზე სწორად წარმართავ და სწორად მართავ ამ მდგომარეობას, არის შანსი, რომ მოზრდილობაში ეს პრობლემა მოიხსნას. სხვა შემთხვევაში ასეთი აშლილობები შეიძლება დარჩეს და პრობლემები შეუქმნას ადამიანებს.

სამწუხაროდ, მე არ გახლავართ ფსიქიატრი, მე გახლავართ ბავშვთა ნევროლოგი, რა კითხვასაც მისვამთ [საგულისხმო ნიშნების ამოცნობის შესახებ] ეს ნამდვილად  პირდაპირ ფსიქიატრისთვის დასასმელი კითხვებია.

სხვა რა სახის ტენდენციები გამოიკვეთა სკრინინგის შედეგად?

აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები ბიჭებს უფრო უარყოფითად აფასებენ, უფრო დაბალ ქულებს აძლევენ და  რისკჯგუფში უფრო მეტად შეჰყავთ, ვიდრე მშობლებს. ეს არ ვიცი, სტერეოტიპია, რომლითაც ითვლება, რომ ბიჭი უფრო პრობლემურია, უფრო ცელქია, თუ რა არის ამის მიზეზი… ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი. მგონია, რომ ის, რომ ჩვენი ფსიქოგანათლება ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დაბალია, ესეც ბევრ რამეს განაპირობებს…

რეგიონებს შორის თუ იყო რაიმე განმასხვავებელი ნიშნები?

იყო განსხვავება რეგიონებს შორის, ძალიან საინტერესო ამბავია… არ ვიცი, რასთნ არის ეს დაკავშირებული, იმასთან, რომ კახელები უფრო მშვიდი და დინჯი ხალხია და დასავლეთ საქართველო შედარებით ემოციური… დასავლეთ საქართველოში რისკჯგუფის ბავშვების რაოდენობა ჭარბობდა, ვიდრე აღმოსავლეთში. ერთი საინტერესო ფაქტი იყო – განსაკუთრებით ჭარბობდა ბათუმში. რას უკავშირდება ეს, ცოტა ძნელი სათქმელია. დაველოდოთ საბოლოო შედეგს. ბევრად ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში, კონკრეტულად, თელავს ვგულისხმობ. შეიძლება, რეგიონებში ასე არ იყოს, მაგრამ  ჩვენს საკვლევ პოპულაციაში ნამდვილად ასე იყო.

იყო თუ არა სკოლებში სკრინინგის დროს რამე ბარიერი და რაზე მეტყველებს ეს?

ნამდვილად იყო და ბევრი პრობლემა შეგვხვდა. რა თქმა უნდა, გვქონდა განათლების სამინისტროს ნებართვა, რომ საჯარო სკოლაში შევსულიყავით. მიუხედავად ამისა, ეს ამავე დროს იყო კეთილი ნება იმავე დირექტორის, იმავე მასწავლებლის, რომ შევეშვით, დავლაპარაკებოდით, კითხვარი შეევსოთ. როგორც წესი, ბევრ შემთხვევაში კეთილგანწყობა არ იყო… მგონია, რომ ეს საზოგადოებაში დაბალი ფსიქოგანათლების ბრალია. მასწავლებლებლებიც და დირექტორებიც ამავე საზოგადოების წევრები არიან, ამიტომაც იყო არაკეთილგანწყობილი სიტუაცია, როდესაც მივდიოდით, თუმცა ყველგან ასე არ იყო.

ფაქტია, ეს განწყობა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობაც ჯანმრთელობაა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე რომ ჯანმრთელობა არ არსებობს, მე მგონია, ამის გააზრება ჩვენი საზოგადოების წევრებს ნაკლებად აქვთ.

შეიძლება, უკავშირდებოდეს სტიგმასაც, რადგან თუ გავიხსენებთ, როგორი სტიგმატიზებული და ტაბუირებული იყო ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ლაპარაკი საბჭოთა პერიოდში, ფაქტობრივად, იდეოლოგიური იარაღი იყო ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ მგონია, რომ ისეთი ქვეყნიდან მოვდივართ, ისეთი წარსული გვაქვს, რომ არც არის გასაკვირი, ასეც რომ იყოს.

ეს არის საკითხები, რომლებიც თითქოს მე არ მეხება და რომელიც მე არასოდეს შემაწუხებს, მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ შუახნის ადამიანების მხოლოდ 20% და უფრო ნაკლებია, რომლებსაც არასოდეს ჰქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა. აქ ლაპარაკია ისეთ მდგომარეობაზე, რომელზეც დიაგნოზი ისმება, ანუ გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მგონია, რომ ეს საკმაოდ საგანგაშოა… ანუ ნამდვილად არავინ ვართ ამ პრობლემისგან დაზღვეული.

არსებობდა თუ არა კვლევამდე არსებული სხვა მონაცემები, რომლებსაც ახალ მონაცემებს შევადარებდით?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები, როგორია ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობა, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, იყო ძალიან უცნაური ამბავი – 0,04%-ზეა ლაპარაკი. რა იწვევს ასეთ დაბალ პროცენტს? ე.ი. არ ხდება ამოცნობა და ვერც მშობელი ვერ ხვდება, რომ პრობლემაა; პირველადი ჯანდაცვაც ვერ ამოიცნობს, თუნდაც იმიტომ, რომ მშობელი ამ ჩივილს ექიმთან არ ამხელს. ამიტომ მგონია, რომ ეს არის ჩვენი ფსიქოგანათლების დაბალი დონე, რაც იწვევს იმას, რომ ამ შემთხვევების იდენტეფიცირებას ვერ ვახერხებთ და შესაბამისად, ამ ბავშვების უმეტესი ნაწილი ამოუცნობია და შესაბამისი მკურნალობის გარეშე რჩება.

ყოველ შემთხვევაში ჩვენმა სახელმწიფომ ასე იცის, რომ პრობლემა ასეთია. როცა მაჩვენებელი 0,04%-ია, როგორ შეიძლება იმაზე ილაპარაკო, რომ განსაკუთრებულად ბევრი სერვისი გჭირდება ან რაღაც დახმარება სჭირდება ამ ხალხს. არც წინა კვლევა არ არსებობს, ანუ შესადარებელიც არაფერი გვაქვს…

მგონია, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამ კვლევის მნიშვნელობის სწორედ ეს გახლავთ, რომ პირველად დაიდება რაღაც ინფორმაცია, ობიექტური ინფორმაცია, რა ვითარება გვაქვს ბავშვებში. თუმცა ჩვენ რომ ეს მოზარდებში გაგვეკეთებინა, მოზარდებში კიდევ უფრო მაღალია პრობლემების სიხშირე, ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ბავშვებშიც მაღალია ეს სიხშირე. ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში.

კონკრეტულად რა სახის საჭიროება შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში ამ კვლევამ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისას?

მგონია, რომ სწორედ ამ მიმართულებით იქნება განსაკუთრებით ღირებული ეს კვლევა, იმიტომ, რომ გამოავლენს ჩვენს იმ ჩავარდნებს, რომლებიც ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში გვაქვს. როგორც წესი, მიტოვებული გვაქვს ეს სფერო და დიდი ჩავარდნაა სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ. სხვათა შორის, ეს სკრინინგული ტესტები, რომლებიც ახლა ჩავატარეთ, მათი ნორმებიც დავადგინეთ, და მგონია, რომ ეს ტესტები, ეს კითხვარები, თავისუფლად შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სკოლებში, ასევე პირველად ჯანდაცვაში იმისათვის, რომ რისკჯგუფის ბავშვები დროზე ამოვიცნოთ და განვსაზღვროთ, სად გვჭირდება დახმარება.

ამ მხრივ, სკოლის გაძლიერება იქნება ძალიან საჭირო და მგონია, განათლების სამინისტრომაც ამ თვალსაზრისით უნდა გადახედოს თავის სამომავლო პოლიტიკას.

რომელიმე კონკრეტული სერვისის დეფციტი ხომ არ გახსენდებათ, რომლის საჭიროებასაც ეს კვლევა ცხადად გამოკვეთს?

მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომზე გითხარით, რომ შემთხვევები საკმაოდ ბევრია და ჩვენი უხეში დაკვირვებით ეს ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა. ამ მიმართულებით საქართველოში ბევრი საკითხი საერთოდ მოუგვარებელია, მაგალითად, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება, საქართველოში საერთოდ არ არის  დარეგისტრირებული. ის მედიკამენტები, რომლებსაც ჩვეულებრივ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები იყენებენ, საქართველოში დარეგისტრირებული არ არის.  მხოლოდ მეორე რიგის მედიკამენტია რეგისტრირებული, ისიც რამდენიმე თვის წინ დაარეგისტრირეს. ამიტომ ამ შემთხვევების მართვა, რა თქმა უნდა, ისე ვერ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით რა წინასწარი მიგნებები გამოიკვეთა?

აუტიზმთან დაკავშირებით ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ ამ მხრივ ყველაზე მაღალი რისკჯგუფის ბავშვები ბათუმშია, 30%-ით მეტია დანარჩენ ქალაქებთან შედარებით.