ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გაფრინდაშვილის არგუმენტები, რომ ის დააკნინეს, დამაჯერებელია. მისივე თქმით, მხატვრული ნაწარმოები მსგავს საქმეებზე ხელშეუხებელი არ არის, თუ დაკნინება რეალურ ადამიანებს ეხება.
გაფრინდაშვილმა სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ინფორმაციას კი „უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ იმ პერიოდში – 1968 წელს, რომელშიც სერიალის სიუჟეტი ვითარდება, 59 კაცს ეთამაშა.
„Netflix-ს მაგალითი არ მოჰყავს (ხოლო სასამართლო კი მოკლებულია შესაძლებლობას) ისეთი საქმე, რომელშიც მხატვრულ ნაწარმოებში რეალური ადამიანის დამაკნინებლად მოხსენიების სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვეტილიყო“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის შტატის სასამართლოში 16 სექტემბერს შეიტანა. სარჩელის მიზეზი Netflix-ის სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნათქვამი ფრაზაა, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.
მოსარჩელე მხარე კი აცხადებს, რომ გაფრინდაშვილს სერიალში აღწერილი დროის იმ პერიოდისთვის მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ მოჭადრაკე კაცებთან, მათ შორის, გროსმაისტერებთან უკვე ჰქონდა გამართული შეხვედრები.