ნუნუ თამაზაშვილმა აუქციონში გაიმარჯვა. ტყუილია, რომ მას „ტყის მასივი აჩუქეს“ - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე

პუბლიკა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი გამოეხმაურა ღარიბაშვილის მეუღლისთვის ბაკურიანის ტყეში 5 958 კვ.მ ტერიტორიის გადაცემას და განაცხადა, რომ ბოლო დღეებში მედიისა და ოპოზიციის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და პროპაგანდა.

ზაალიშვილის განცხადებით, „ბუნებაში არ არსებობს“ ნუნუ თამაზაშვილისთვის სახელმწიფო ტყის ფონდის მასივის ჩუქების ფაქტი და ეს ინფორმაცია სიცრუე და ცილისწამებაა.

„რეალურად, ხსენებული ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს ჰქონდა.

აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა – ნუნუ თამაზაშვილმა და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტრონული აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო!

მიუხედავად ამისა, ოპონენტები არ წყვეტენ აბსურდსა და ვიწროპარტიულ ინტერესებზე აგებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს „ტყის მასივი აჩუქეს“, – განმარტავს ის.

„ჩვენს მოსახლეობას ვერ დააჯერებთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება ან ვინმეს ვაჩუქეთ, ან ვინმემ ძალით მიიტაცა! მიტაცება და წართმევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანი იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა!“, – განაცხადა ზაალიშვილმა.


საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2021 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5 958 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში 49 წლით გადაეცა.

სარგებლობაში გადაცემული 5 958 კვ.მ ტერიტორია ნუნუ თამაზაშვილის საკუთრებაში არსებული 1 530 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებგვერდის მიხედვით, სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონი 17 დეკემბერს გამოცხადდა. ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო და ამ მიწის ნაკვეთზე ინტერესი ერთმა პირმა გამოხატა. ამავე პირმა აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.