ენმ-მ სამოქმედო სტრატეგიაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც საზოგადოებას ორშაბათს გააცნობს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში საპარლამენტო ფრაქციის წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე საბოლოოდ შეჯერდა და მას საზოგადოებას ორშაბათს, 12:00-ზე გააცნობენ.

„გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა, მათ შორის, ეს არ იყო პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ეხება არა მხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ მთლიანად პარტიის სტრატეგიას […], რა არის ჩვენი ამოცანები, როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები, იმისთვის, რომ გავაქტიურდეთ, გაზაფხულზე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის.

მოგახსენებთ, რომ დღეს ფრაქციამ [და პრაქტიკულად ყველა წევრი იქნა ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში,] მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია პარტიული და ფრაქაციული, მათ შორის, გაზაფხულზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ [და ეს იქნება ფართო სტრატეგია] მე პირადად წარმოგიდგენთ ორშაბათს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე საზოგადოებას აქტიურ პოლიტიკურ სეზონს ჰპირდება და გადასაწყვეტ საკითხებს შორის ასახელებს: სააკაშვილის თავისუფლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს; მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ყველანაირი ინსტრუმენტით მხილებას;

მისი თქმით, აქტიურობებით და აქციებით პარტია ყველა ფრონტზე გავა, ექნება ამომრჩეველთან ყოველდღიური კონტაქტი.