„ომიკრონი“ არ არის ჩვეულებრივი გრიპი, ის ათჯერ მეტ სიკვდილობას იწვევს - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში ამბობს, რომ „ომიკრონი“ არ არის ჩვეულებრივი გრიპი და თავისი სიმძიმით ათჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს.

მან ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა მოცემული ეპიდვითარების გათვალისწინებით, კარგად მართავს პაციენტებს და კოლაფსის ნიშნები არ არის.

„არის აზრი, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას, ნაკლებ სიკვდილს იწვევს. მხოლოდ ნაწილობრივ არის ეს მართალი. ის მართლაც იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არა იმდენად, როგორც ჰგონიათ.  ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა ათზე მეტ სიკვდილობას იწვევს. იმის ხარჯზე, რომ შემთხვევები სამჯერ-ხუთჯერ მეტია, ვიდრე იყო დელტას დროს, ჯამურად ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი გამოდის მაინც უფრო მეტი.

მაგალითად, ამერიკაში 800 -900 ათასია დღეში ჰისპიტალიზაცია. ამდენი მათ ერთი წელია, არ ჰქონიათ. სიკვდილობა გუშინწინ 3 400 იყო, ანუ ერთ დღეში ამერიკას მოუკვდა ამდენი. ასეთი სიკვდილობაც მათ არ ჰქონიათ ერთი წელია.

ჩვენთან  იყო პერიოდი, როდესაც სიკვდილობით ლამის პირველ ადგილზე ვიყავით, ყოველ შემთხვევაში – პირველ ხუთეულში. ახლა ასე არ არის. „ომიკრონის“ ხარჯზე სხვაგან მეტად გაიზარდა სიკვდილობა, ჩვენთან – პირიქით.

სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ ვიყოთ, ათჯერ ნაკლები სიკვდილობა გვექნებოდა, ნუ თუ ათჯერ არა,  ბევრად ნაკლები, მაინც. კოლაფსის შორეული ნიშნებიც კი არ შეინიშნება ჩვენს ჯანდაცვაში, სისტემა პაციენტების ნაკადს კარგად იმკლავდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში გარდაიცვალა 35 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8 503 კოვიდპაციენტი.