ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან, 200 მეტრში სასტუმროს მშენებლობა დაიწყეს. ამის შესახებ გუშინ, 3 თებერვალს გახდა ცნობილი. მშენებლობას კომპანია „ბადაგონი” აწარმოებს. სასტუმროს Alaverdi Resort ერქმევა.
როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.
სასტუმროს მშენებლობაში კომპანია 14 მილიონი ლარის ინცესტიციას გეგმავს. სასტუმრო 32-ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღების შეძლებს.
„პუბლიკასთან” საუბრისას სალაყაია ამბობს, რომ სასტუმრო ეკლესიის კუთვნილ მიწაზე შენდება.
„სინოდის 2005 წლის განჩინებაა ეკლესია-მონასტრების სიახლოვეს პილიგრიმ-სასტუმროების აშენებაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ინვესტიცია გაგვეკეთებინა სწორედ ეკლესიის მიწაზე.
ეს არის 32-ნომრიანი სასტუმრო, სადაც ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოვლენ მლოცველები, ასევე – ჩვენი ქვეყნიდან.
სასტუმროს ნომრებთან ერთად, შესაბამისად, იქნება კვების ობიექტიც… კი, აუზიც იქნება, დასვენების“, – ამბობს სალაყაია.
მისივე თქმით, არსებობს შეთანხმება ალავერდის ეპარქიასთან და კომპანია შესაბამის თანხასაც გადაუხდის მათ.
„რამდენი იქნება და… ეს აშენების შემდეგ იქნება დაზუსტებული, თუ როგორ მოხმარდება ეს ყველაფერი ეკლესიას“, – ამბობს ის.
„პუბლიკის“ შეკითხვაზე, როგორ დაიცავენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ მშენებლობისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვისთან არის პროექტი შეთანხმებული, სალაყაია ამბობს:
„ეს არის კომპლექსი, რომელიც დიდი ხნის წინ არის შეთანხმებული… დიდი ხნის წინ ეს კონცეფცია დადებულია უკვე ყველა ორგანოსთან“.
ინფორმაციის დასაკონკრეტებლად დასმული შეკითხვის პასუხად სალაყაია დეტალური ინფორმაციის წერილობით გამოგზავნას დაგვპირდა. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად სიმბოლური კაფსულა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ გუშინ ჩაუშვეს.
„პროექტი შინაარსობრივად გამორჩეულია – ეს არის ძალიან ესთეტიკური, მაღალი მხატვრული ღირებულების, ძალიან მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსი. ეს იქნება ალავერდის კომპლექსთან ახლოს და აქ სწორად იქნება ბალანსი დაჭერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება-პატივისცემასა და ბიზნესის განვითარებას შორის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ დაკავშირებას ცდილობს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა.
გამოცემა ასევე დაუკავშირდა ალავერდელ მიტროპოლიტს, დავითს. მისი სამდივნოს წარმომადგენლის განცხადებით, მიტროპოლიტი სატელეფონო კომენტარს არ აკეთებს. ჩვენს შეკითხვებს არ პასუხობს საპატრიარქოს პრესსამსახურიც.
ალავერდის კომპლექსი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის განისაზღვრება 500 მეტრის რადიუსით.