საწვავის ფასი, სავარაუდოდ, 20-25 თეთრით გაიზრდება - „ვისოლის“ დირექტორი

პუბლიკა

კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, თებერვალში საწვავზე ფასები გაიზრდება.

ვასილ ხორავამ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას განაცხადა, რომ აქამდე კომპანიები დეკემბრის მარაგებით ახერხებდნენ არსებული ფასების შენარჩუნებას, თუმცა იანვრიდან საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო მოიმატა ნავთობის ფასმა. შესაბამისად, თებერვლის შუა რიცხვებიდან საწვავი საქართველოშიც გაიზრდება, მიუხედავად ლარის გამყარებისა.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ ფასები ეტაპობრივად მოიმატებს და საბოლოო ჯამში, 20-25 თეთრით გაძვირდება საწვავი.

„100-150 დოლარით ფასის ზრდა (ნავთობპროდუქტებზე) ეს მინიმუმ 20-25 თეთრიანი სხვაობაა ლიტრზე, რომელიც გარკვეულწილად გაიზრდება. თუმცა ეს არ მოხდება ერთ დღეში, ეს ეტაპობრივად მოხდება…

ზოგადად, თუ ავიღებთ იმ ნიშნულს, რომლითაც მოხდა წლის დასაწყისიდან 4 თებერვლამდე ცვლილება, დაახლოებით ეს ნიშნულია [20-25 თეთრი], მიუხედავად ლარის გამყარებისა და იმ კომპენსაციისა, რომელსაც ლარის გამყარება ხელს უწყობს იმპორტულ პროდუქტებზე ფასების შემცირებით, შეიძლება ითქვას, ამ გადაფარვით 20 თეთრიანი ნიშნული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნული უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა ვასილ ხორავამ.