ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი ტერიტორიების დამუშავება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა.
კერესელიძის ინფორმაციით, ხანძარი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩნდა. მისივე ცნობით, ცეცხლი გავრცელებული იყო 1 000 – 1 500 კვ.მ-ზე.
„ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გამოცხადდნენ. მალევე მოხდა ხანძრის ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხანძარი არის ლიკვიდირებული და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. დაშავებულებზე ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შემოსულა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და გამომწვევი მიზეზების შესახებ ისინი მოგახსენებენ“, – აღნიშნა კერესელიძემ.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.