სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება და კიდევ ერთხელ მოუწოდა ლონდა თოლორაიას, სანამ თანამდებობის ვადა ამოეწურება გაასაჯაროოს მის საქმეზე გამოძიების შუალედური დასკვნის შედეგები და ვიდეომასალები.
ლონდა თოლორაიას პასუხი „პუბლიკას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან მიაწოდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი (რასაც სამსახური პატივს სცემს), საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს ქმედება უნდა იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით, უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები“, – ამბობს ლონდა თოლორაია.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვთ) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი.
სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი.
„სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“, – ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.