დეგნანის თქმით, იმედი აქვს, ლონდა თოლორაიას შემცვლელებს ნაჩქარევად არ აირჩევენ

პუბლიკა

დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ დეგნანმა განაცხადა, რომ ისაუბრეს სახელწიფო ინსპექტორის ახალი სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნების პროცესზე და მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პროცესი არ დააჩქარონ, რათა საუკეთესო კანდიდატები შეირჩნენ.

„ყველა ეს თანამდებობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მონაცემთა დაცვა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა.

ამ სააგენტოების ხელმძღვანელები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მაღალკვალიფიციურები და ვიმედოვნებთ, ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი“, – განაცხადა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, მას ასევე იმედი აქვს, რომ ახალი დანიშვნები არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის დასრულებამდე.

„ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და დასკვნას გამოიტანს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების საქმეზე მანამ, სანამ ახალი დანიშვნები იქნება. კანონმდებლობით, სახელმწიფო ინსპექტორის მოქმედ ხელმძღვანელს ჯერ კიდევ 3 წელი აქვს თანამდებობაზე ყოფნისთვის დარჩენილი.

მას მანდატი 6 წლით მიენიჭა, გასული 3 წლის განმავლობაში კი მის მიმართ შენიშვნები არ ყოფილა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება ახალ დანიშვნებამდე“, – განაცხადა დეგნანმა.