ლევან ზურაბაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

პუბლიკა

20 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლევან ზურაბაშვილის გათავისუფლების/შეწყალების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქციის ანონსი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ლევან ზურაბაშვილმა საკუთარი პერფორმანსით გამოხატა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გულისტკივილი და სათქმელი.

ჩვენ არ გვაქვს უფლება ლევანი მივატოვოთ და საქართველის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტებში მოკალათებულ ფეოდალებს მისი 7 წლით ციხეში გამოკეტვის უფლება მივცეთ”, – წერს ორგანიზატორი.


ლევან ზურაბაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის 20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, არანამდვილი იარაღის მუქარით გააჟღერა მოთხოვნები საბანკო პროცენტების შემცირებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და აზარტული თამაშების აკრძალვაზე.

ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა,  ლევან ზურაბაშვილი მოითხოვდა:

„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებდა ის.