საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიებს – „კავკასიას“ და „TV პირველს” არ დაურღვევიათ ეთიკის პრინციპები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები დაირღვა 2022 წლის 01 თებერვალს, „TV პირველისა“ და ტელეკომპანია „კავკასიის“ [ჟურნალისტი აკაკი ალაგარდაშვილი] ოფიციალურ Facebook გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებში.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი, აკაკი ალაგარდაშვილი, TV კავკასიის წარმომადგენელი – ნინო ჯანგირაშვილი.
რაც შეეხება „TV პირველს“, მათ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და წერილობითი სახით პოზიცია არ წარმოუდგენიათ. ამასთან, ვინაიდან „TV პირველის“ შემთხვევაში ზუსტად ვერ დადგინდა სადავო მასალაზე პასუხისმგებელი პირი, ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
გთავაზობთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს. რომელიც ეთიკის ქარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:
ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მედია პროდუქტები:
- TV პირველის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ალექსანდრე ელისაშვილის ფოტოსურათი წარწერით: „როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ რომ გესვრის და გაგაქრობს“.
- TV კავკასიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ალექსანდრე ელისაშვილის ფოტოსურათი წარწერით: „როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ რომ გესვრის და გაგაქრობს – ელისაშვილი“. ფოტოს თან ერთვოდა აღწერა: „არ გაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე”, რასაც მოჰყვებოდა წარწერა “ვრცლად“ და მითითებული იყო ბმული.
განმცხადებლის არგუმენტაცია:
პირველ თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე განიხილავდნენ უკრაინისადმი მხარდამჭერ რეზოლუციას. ამ დისკუსიაში, დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. სრული პოზიცია წარმოდგენილია აქ.
დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის განცხადების სრული ტექსტიდან, აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ამოიღეს შემდეგი ფრაზა:
„როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე. იმიტომ, რომ გესვრის და გაგაქრობს“.
განმცხადებლის თქმით, „სადავო მასალაში წარმოდგენილი ეს ფრაზა არის კონტექსტიდან ამოგდებული და დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის პოზიციას სრულიად საპირისპიროდ წარმოაჩენს. კერძოდ, ამ ფრაზის უკონტექსტოდ, შესავლისა თუ გაგრძელების გარეშე მოჭრით, მოცემული დღის წესრიგის გათვალისწინებით, აღიქმება, რომ პოლიტიკოსი მხარს უჭერს უკრაინისადმი მკაფიო მხარდაჭერისგან თავის შეკავებას და ზოგადად აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მიმართ დამთმობი და შემგუებლური პოლიტიკის წარმოებას. სინამდვილეში, საპარლამენტო გამოსვლა, რომლიდანაც ამოიჭრა ფრაზა (და სრულებით შეიცვალა, შეტრიალდა პათოსი) კონტექსტში ჟღერდა ასე:
„არ გაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. ნამდვილად, როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში, და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, რადგან გესვრის და გაგაქრობს, კი ბატონო, ფრთხილები უნდა ვიყოთ, თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, მაგრამ არის სიბეჩავე, სისაწყლე, აი ეს რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთს არ ვახსენებთ, და ვითომ რაღაც არა ამქვეყნიური ძალების საფრთხის წინაშე დგას უკრაინა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისგან არის სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლენა. ძალიან გულს მწყვეტს სიმართლე გითხრათ, იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ არაფერი არ შეიცვლება. გარდა იმისა, რომ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს ჩვენს მეგობარ ქვეყანას, გარდა იმისა, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინას კიდევ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს. იმ ქვეყანას, რომელიც 90-იან წლებში, საერთოდ რომ არ ევალებოდა, მოხალისეებით იბრძოდა აფხაზეთში. საერთოდ რომ არ ევალებოდა, ჭუბერში ჩარჩენილი ჩვენი მშიერი დევნილები გადმოიყვანა თბილისსა და ქუთაისში საკუთარი ხარჯით, საკუთარი რისკით. ომის დროს თბილისის თავზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები რომ დაფრინავდნენ, უკრაინის პრეზიდენტი აქ იდგა რუსთაველზე…”
მოპასუხე TV კავკასიის არგუმენტაცია:
მოპასუხის შეფასებით, გამოსვლაში ალექსანდრე ელისაშვილმა გამოხატა თავისი პოზიცია ორ სხვადასხვა ამბავთან დაკავშირებით. კერძოდ, მისი პოზიცია ე.წ. „არგაღიზიანების“ პოლიტიკასთან დაკავშირებით არის შემდეგი: „როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში, და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, რადგან გესვრის და გაგაქრობს, კი ბატონო, ფრთხილები უნდა ვიყოთ“, ხოლო პარლამენტის რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, რომელსაც მოგვიანებით მხარი მაინც დაუჭირა, არის შემდეგი: „მაგრამ არის სიბეჩავე, სისაწყლე, აი ეს რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთს არ ვახსენებთ და ვითომ რაღაც არაამქვეყნიური ძალების საფრთხის წინაშე დგას უკრაინა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისგან არის სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლენა“.
მოპასუხემ დამატებით წარმოადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ინტერვიუ სხვა მედია საშუალებასთან, სადაც, მოპასუხის შეფასებით, ალექსანდრე ელისაშვილი ისევ მხარს უჭერს არ გაღიზიანების პოლიტიკას.
ტელეკომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის პოზიცია, რომ რეზოლუციის ტექსტი „სისაწყლე და სიბეჩავეა“ გამოაქვეყნეს 01 თებერვალს, 17:16 საათზე, ხოლო შემდეგ, რამდენიმე წუთში, 17:20 საათზე უკვე ცალკე გამოქვეყნდა ალექსანდრე ელისაშვილის ფრაზა „როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ რომ გესვრის და გაგაქრობს“, ამ ინფორმაციას თან ერთვოდა ბმული, სადაც ელისაშვილის გამოსვლის სრული ტექსტის ნახვა შეიძლებოდა. მოპასუხემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ქმედების საფუძველი იყო მათი პოზიცია, რომ ალექსანდრე ელისაშვილი ორ სხვადასხვა გარემოებას აფასებდა, “- წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქარტიის საბჭომ სხდომის მიმდინარეობისას ალექსანდრე ელისაშვილს ჰკითხა, თუ ის მიიჩნევდა, რომ მისი გამოსვლა მხოლოდ ერთიანად უნდა გაშუქებულიყო და არასწორი იყო არგაღიზიანების პოლიტიკის და რეზოლუციის ტექსტის შეფასების გამიჯვნა, ექნებოდა თუ არა მსგავსი რეაქცია [მაგალითად, ქარტიისათვის მომართვა], თუ მედიასაშუალება გამოაქვეყნებდა მხოლოდ მის სიტყვებს, რომ რეზოლუციის ტექსტი სიბეჩავე და სისაწყლეა. აღნიშნულ კითხვაზე განმცხადებელმა უპასუხა, რომ იგივე რეაქცია არ ექნებოდა.
ქარტიაში ამბობენ, რომ მხარეთა მოსმენის, მტკიცებულებათა და სადავო მასალების გაცნობის შემდეგ, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ TV პირველს და TV კავკასიას არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭო თავისი არგუმენტაციის მოყვანამდე, კიდევ ერთხელ განსახილველად იყენებს ალექსანდრე ელისაშვილის გამოსვლის ტექსტს: „არ გაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. ნამდვილად, როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში, და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, რადგან გესვრის და გაგაქრობს, კი ბატონო, ფრთხილები უნდა ვიყოთ, თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, მაგრამ არის სიბეჩავე, სისაწყლე, აი ეს რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთს არ ვახსენებთ, და ვითომ რაღაც არა ამქვეყნიური ძალების საფრთხის წინაშე დგას უკრაინა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისგან არის სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლენა”
„ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკოსია. მან საკუთარი მოსაზრება წარმოთქვა საპარლამენტო ტრიბუნიდან. სრულიად შესაძლებელი და ლოგიკურია, რომ პოლიტიკოსი, ერთსა და იმავე გამოსვლაში შეეხოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. გამოსვლის პირველი ნაწილიდან ჩანს, რომ იგი თავდაპირველად აფიქსირებს თავის პოზიციას არგაღიზიანების პოლიტიკაზე: „არგაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე“, შემდეგ უკვე ხსნის, რა არის მისთვის არგაღიზიანების პოლიტიკა: „როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, რადგან გესვრის და გაგაქრობს“.
მხოლოდ შემდეგ იწყებს რეზოლუციის ტექსტის შეფასებას: „მაგრამ არის სიბეჩავე, სისაწყლე, აი, ეს რეზოლუციის ტექსტი“. გამოსვლის ტექსტში არსად არის პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება, რომ არგაღიზიანების პოლიტიკის მიმართ ალექსანდრე ელისაშვილის დამოკიდებულება სხვაგვარია და მხოლოდ ამ მომენტში ფიქრობს ასე, ვინაიდან, რეზოლუციის ტექსტზე საუბრობს. აქვე აღსანიშნავია, რომ სხდომის მიმდინარეობისას, როგორც საბჭოს წევრების, ისე მოპასუხე ჟურნალისტის მხრიდან დასმულ კითხვას, თუ რას ნიშნავს ალექსანდრე ელისაშვილისათვის „არგაღიზიანების პოლიტიკა“, მან ცალსახა პასუხს თავი აარიდა. ალექსანდრე ელისაშვილის გამოსვლიდან აუდიტორიამ, ამომრჩეველმა გაიგო მისი ორი შეფასება: 1. არ გაღიზიანების პოლიტიკაზე 2. რეზოლუციის ტექსტზე. შესაბამისად, მედიასაშუალებას არ დაურღვევია ეთიკური პრინციპები, როცა აუდიტორიას მიაწოდა პოლიტიკოსის მოსაზრება, თუ რას ნიშნავს „არგაღიზიანების პოლიტიკა“, როგორც დამოუკიდებელი ამბავი.
ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ ქარტიის მე-11 პრინციპი “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ზემოაღნიშნული ორივე პრინციპის დარღვევაზე მსჯელობის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, გამორიცხა მე-5 და მე-11 პრინციპების დარღვევაც, “- ვკითხულობთ სამოტივაციო ნაწილში.