„ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო!" - ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართა

პუბლიკა

„გააღეთ ბოტანიკურის ჭიშკარი!”, „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო!” – ამ მოთხოვნით დღეს ზუგდიდში მოქალაქეებმა მორიგი აქცია გამართეს.

„ჩვენი ადგილი აღარ არის იქ, სადაც ყველას ადგილი იყო. ქალაქის გულში შესვლას უკრძალავენ სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, შუახნის ზუგდიდელებს, ყველას, ვისაც საკუთარი შემოსავალი არ აქვს ან დაბალი შემოსავალი აქვს.

მალე გაზაფხული დადგება. ჩვენს ქალაქში გაზაფხული ბოტანიკურ ბაღს მოყავს. მაგრამ რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ გაზაფხული მოგვყიდოს – უფულოები გაზაფხულზე არ დაიშვებიან!”, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

„ეს ბაღი მოსახლეობისთვის არის მთავარი, სხვა გასართობი და გასასეირნებელი ზუგდიდში არაფერია. რაიმე იქნებ მოვახერხოთ და ეს ფასიანი არ გავხადოთ”, – ამბობს „ფორმულასთან” საუბრისას აქციის მონაწილე.

„აქ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ის, რომ ბოტანიკური ბაღი ფასიანი გახდა. ეს არის საჯარო სივრცე და ეკუთვნის ქალაქს, თითოეულ ზუგდიდელს”, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე „ფორმულასთან”.

მათივე თქმით, აქციები გაგრძელდება, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ.


ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფებით სარგებლობა პირველი თებერვლიდან ამოქმედა.

ადმინისტრაციის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისი სატარიფო განაკვეთი 2020 წლის მარტში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მიიღო.

მათივე თქმით,  ფასიანი მომსახურებით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია დამატებით შემოსავლის მობილიზებას გეგმავს რათა ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურა უფრო განვითარდეს, იყოს მოვლილი და დაცული.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000 ქულას.

პირველი თებერვილდან ბაღში შესვლისას მოქმედებს შემდეგი ტარიფები:

  • საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი;
  • საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;
  • სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი;
  • ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი;
  • სამთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი;
  • ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი;
  • ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი;
  • ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი;
    სამთვიანი საოჯახო აბონემენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35ლარი;
  • პიკნიკი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი;
  • კემპინგი 1 ვიზიტორზე – 15 ლარი;
  • სადღესასწაულო, საქორწილო წინასწარ დაგეგმილი ფოტოსესია – 50 ლარი.

ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული სატარიფო მიდგომა ქვეყანაში არსებული ბოტანიკური ბაღების სატარიფო მიდგომებთან შედარებით ყველაზე იაფია.