ლონდა თოლორაიას სარჩელს პერსპექტივა არ აქვს – კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს „პერსპექტივა არ აქვს“.

კობახიძის განცხადებითვე, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებისა და ახალი სამსახურების შექმნის შესახებ საკითხს მომავალ კვირაში განიხილავს.

„სარჩელის შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ვერ განაპირობებს პარლამენტის დღის წესრიგს. პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც, ამ კვირაში უკვე განიხილება ეს საკითხი როგორც კომიტეტის სხდომებზე, ასევე პლენარულ სხდომაზე…

სარჩელი როდის განიხილება, ეს არავინ იცის. პარლამენტს აქვს მისაღები გადაწყვეტილება. კანონის თანახმად, პირველ მარტს უკვე უნდა ამოქმედდეს ორივე სამსახური… ერთი, რომ ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს კონკრეტული სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ უნდა მივყვეთ კანონის ვადებს. ვადების თანახმად, პირველ მარტამდე ორივე სამსახური უნდა ამოქმედდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მანვე დააფიქსირა პოზიცია, რომ ის არ აპირებს ინსპექტორის ნაცვლად შექმნილი სამსახურების უფროსების კონკურსში მონაწილეობას.