ზუგდიდის საკრებულოსაც გახარიას პარტიის წევრი უხელმძღვანელებს

პუბლიკა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს.

ადგილობრიცი გამოცემა livepress-ის ცნობით, კენჭისყრაში 25-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და 25-ვემ მხარი დაუჭირა ფარულავას. სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნება“, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

საკრებულოს სხდომას უხმაუროდ არ ჩაუვლია. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გახარიას გუნდის წევრები ენმ-სთან გაიგივებაში დაადანაშაულეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიმართ კი კრიტიკული გამოსვლები „დროას“ და ენმ-ის წევრებს ჰქონდათ.

livepress-ის ცნობით, საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ბაჩანა შენგელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრი საკრებულოს თავმჯდომარე არ უნდა ყოფილიყო.

„მე მიმაჩნია, რომ გახარია, მისი პარტიის წევრები არიან ქვეყნის მტრები. ამ რეგიონს გახარიამ უბედურება მოუტანა. მისმა ბრძანებამ შეიწირა დედაჩემის სიცოცხლე და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის მხარდაჭერა არის ქვეყნის ინტერესებისთვის გაუმართლებელი. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მე ვთხოვ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭიროს მხარი“, – განაცხადა შენგელიამ.

ზუგდიდის საკრებულო შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული : „ოცნება“ 20 მანდატი, ენმ – 22 მანდატი, „საქართველოსთვის“ – სამი მანდატი.

წალენჯიხის, ჩხოროწყუს და რუსთავის შემდეგ ზუგდიდი მეოთხე რაიონია, რომელსაც საკრებულოს ოპოზიციური თავმჯდომარე ჰყავს.