„ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით“ | სამინისტროს განცხადება

პუბლიკა

კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს. ამის შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

„თუმცა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის.

სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი.

ამასთან, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა.

კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNEშჩO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება, “- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად.