„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მორატორიუმი უკანასკნელი საცხოვრებლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლებებზე.
მოძრაობას მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს ადამიანების უსახლკაროდ დატოვება, სანამ არ შეიქმნება მათი უფლებების დაცვის, სამართლიანი დაკრედიტებისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ეფექტიანი სისტემა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკანასკნელი საცხოვრებელი ჩვეულებრივი ქონებრივი აქტივი არ არის. მისი დაკარგვა ხშირად ნიშნავს არა მხოლოდ საკუთრების დაკარგვას, არამედ ადამიანის ღირსეული ცხოვრების ელემენტარული პირობების მოშლასაც. დაუშვებელია, ვალის არსებობა ოჯახის უსახლკაროდ დატოვების საწინდარი ხდებოდეს. გამოსახლების პრობლემა არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ მოვალესა და კრედიტორს შორის კერძო დავად.
საქართველოში ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, ვალი აიღონ მკურნალობისთვის, საკვებისთვის, საცხოვრებლისთვის, განათლებისთვის ან უმუშევრობის პერიოდში თავის გასატანად. როდესაც ხელფასი ღირსეული ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის, ხოლო სოციალური დაცვის სისტემა ადამიანებს კრიზისისგან ვერ იცავს, ვალი სოციალური დაცვის არაფორმალურ შემცვლელად იქცევა”, – აცხადებენ მოძრაობაში.
მათივე თქმით, მორატორიუმი აუცილებელი, გადაუდებელი ნაბიჯია, თუმცა ის არ წარმოადგენს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას.
მოძრაობამ დღეს ასევე წარადგინა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამი ძირითადი მიმართულებით:
- ვალზე დამოკიდებულების შემცირება – ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, ღირსეული შრომითი ანაზღაურება, უმუშევრობის დაზღვევა, სოციალური დაცვა და საბინაო პოლიტიკა, რათა ადამიანებს ელემენტარული საჭიროებებისთვის ვალის აღება აღარ უწევდეთ.
- მოვალეთა უფლებების დაცვა – მევახშეობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეგულაციები, კაბალური საპროცენტო პირობების შეზღუდვა, თვალთმაქცური გარიგებების გამოვლენა, უსამართლო ვალების გადახედვა და რესტრუქტურიზაციის მექანიზმების შექმნა. ამ პროცესში პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პარლამენტმა და ეროვნულმა ბანკმა.
- უსახლკარობის პრევენცია – უკანასკნელი საცხოვრებლის განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვა, გამოსახლების წინ ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასება, მედიაციისა და აღსრულების შეჩერების ეფექტიანი მექანიზმები, სამართლიანი აუქციონის წესები და სოციალური საცხოვრებლების სისტემის განვითარება.