SJC: გამოსახლებებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს - სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო ასობით ადამიანის საბაზისო უფლებებს დაარღვევს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი კანონმდებლობისა და პოლიტიკის არარსებობის პირობებში, საქართველოში უკანასკნელი საცხოვრისიდან იძულებითი გამოსახლება უხეშად ლახავს ადამიანების ღირსებასა და უფლებებს, სრულიად უგულებელყოფს სახელმწიფოს ვალდებულებებს და შინაარსს აცლის სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული.

ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე ოჯახის – მაია კაკიაშვილის, გუჯა ბალახაძისა და ილია ჭეიშვილის ოჯახების – გამოსახლების რისკის შესახებ.

ორგანიზაცია ამბობს, რომ რადგან მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია სრულად არ ვრცელდება, არსებობს ვარაუდი, რომ პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია და ათასობით ადამიანს შეიძლება ემუქრებოდეს გამოსახლება.

SJC ამბობს, რომ აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს გამოსახლებასთან დაკავშირებული სტატისტიკაც.  სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით,

  • 2025 წლის 30 დეკემბრისთვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაში იყო 2 152 საქმე უძრავი ქონების გამოთხოვა/გამოსახლების შესახებ;
  • 2025 წელს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდა 442 ახალი საქმე;
  • დასრულდა 453 საქმე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საქართველოში გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა უკიდურესად ხარვეზიანია და უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების ბაზისურ მოთხოვნებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სისტემა მხედველობაში არ იღებს სათანადო საცხოვრებლის უფლებას და აქცენტს მხოლოდ მესაკუთრის უფლებებზე ამახვილებს. შესაბამისად, გამოსახლებისა და უსახლკარობის რისკის წინაშე მყოფი ადამიანები სახელმწიფოს ხედვის არეალის მიღმა რჩებიან.

„საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სრულყოფილად გაითვალისწინებდა გამოსახლებისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხებს და ამ კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებებს გაწერდა. მეტიც, კანონმდებლობაში გამოსახლების ერთიანი ცნება არ არსებობს, ხოლო საცხოვრებლის დემონტაჟის დროს ადამიანების გამოყვანა ფორმალურად გამოსახლებად არც კი ითვლება და მათზე მინიმალური დაცვის მექანიზმები არ ვრცელდება.

დაახლოებით 10 წლის წინ, სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების შედეგად გაუქმდა ე.წ. საპოლიციო გამოსახლება და ამ პროცესის განხორციელება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი.

თუმცა, როგორც წლების განმავლობაში პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, სასამართლოს რგოლის გაჩენამ ვერ უზრუნველყო შინამეურნეობების საჭიროებების იდენტიფიცირება და განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების უსახლკარობის რისკების დაზღვევა. პირიქით, სასამართლო მხოლოდ გამოსახლების გადავადების, და არა საქმის შინაარსობრივი განხილვის, მექანიზმად იქცა“, – წერს SJC.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიუხედავად საჭიროებისა, ქვეყანაში გამოსახლების პრევენციის ზოგადი პოლიტიკა არ არსებობს. არ ჩატარებულა კვლევა უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლების მასშტაბის, მისი მიზეზებისა და შინამეურნეობების საჭიროებების შესახებ;

ასევე, SJC აცხადებს, რომ უშუალოდ საცხოვრისიდან გამოსახლების სტანდარტებიც ვერ უძლებს კრიტიკას. კერძოდ, იმ მინიმალურ საერთაშორისო პრინციპებს, რომელსაც ყველა სახელმწიფო უნდა ნერგავდეს, საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს.

„მაგალითად, არსებული სამართლებრივი ჩარჩო მოსახლეობას არ იცავს ზამთარში/ცუდ ამინდში ან/და ღამის პერიოდში გამოსახლებისგან. პირიქით, არაერთ შემთხვევაში, სახლების დემონტაჟი და ადამიანების გამოსახლება სწორედ ცივ სეზონებში ხდებოდა“, – წერს ორგანიზაცია.

SJC-ის შეფასებით, გამოწვევას წარმოადგენს გამოსახლების შემდგომ ოჯახების სათანადო მხარდაჭერის მიმართულებაც.

„გამოსახლებისა და საცხოვრისის მიმართულებით სუსტი სახელმწიფო პოლიტიკა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო აღნიშნულ საკითხს სოციალური რისკების ინდივიდუალიზაციის ლოგიკიდან უყურებს.

ოჯახის მიერ ვალის აღება, მისი მომსახურება, გადახდისუუნარობა და საბოლოოდ საცხოვრისის დაკარგვა მის მიერ დანახულია, როგორც ინდივიდუალური ეკონომიკური ურთიერთობის შედეგი, მაშინ როდესაც ამ პროცესის გამომწვევი სტრუქტურული მიზეზები: დაბალი და არასტაბილური შემოსავლები, საბაზისო სოციალური საჭიროებებისა და სერვისების კერძო დაფინანსება, საცხოვრისის შეზღუდული ხელმისაწვდომობა და საკრედიტო სექტორის მიმართ მაღალი დამოკიდებულება, ინდივიდუალური ოჯახების კონტროლს სცდება და უფრო მსხვილ სისტემურ ჩავარდნებსა და უსამართლობებზე უთითებს“, – წერს SJC.

ორგანიზაცია ამბობს, რომ პრობლემების სიმწვავიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, დგება პოლიტიკის ძირეული ცვლილებისა და გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანების უფლებებისა და ინტერესების დაცვის საჭიროება.

სწორედ ამიტომ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ:

  • დროებით სრულად უნდა შეჩერდეს უკანასკნელი საცხოვრისიდან იძულებითი გამოსახლება, სანამ სახელმწიფო არ შექმნის ადამიანის უფლებებზე მორგებულ საკანონმდებლო და სოციალურ გარანტიებს, რათა მოქალაქეები უსახლკარობის რისკის წინაშე არ დადგნენ.
  • სახელმწიფომ ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო და ის საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოოს. კანონმდებლობამ გამოსახლება უნდა განიხილოს როგორც უკიდურესი, უკანასკნელი ზომა.
  • არსებითია, სახელმწიფომ შექმნას ეროვნული საბინაო პოლიტიკა. დღეს არსებული ფრაგმენტული და მუნიციპალიტეტების მიხედვით უთანასწორო მიდგომა უნდა ჩანაცვლდეს ერთიანი სისტემით, სადაც უსახლკარობის მკაფიო კრიტერიუმები იმოქმედებს და სახელმწიფოს გაუჩნდება პირდაპირი ვალდებულება, რომ გამოსახლების შემთხვევაში არცერთი ადამიანი არ დატოვოს ქუჩაში და უზრუნველყოს ისინი ალტერნატიული, ღირსეული საცხოვრისით თუ ბინის ქირით. ამ პროცესში არსებითია ინკლუზიური მიდგომების გამოყენება და ეკონომიკურ მოწყვლადობასთან ერთად, გენდერის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური ნიშნით ექსკლუზიისა და სხვა სოციალური მოწყვლადობის ფაქტორების სათანადო გათვალისწინება.
  • აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ პრობლემის გამომწვევ ძირეულ მიზეზთან, მათ შორის, ჭარბვალიანობასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით, სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს ფინანსური სექტორის რეგულირება, აღკვეთოს მტაცებლური და მევახშური პრაქტიკები (კერძოდ, ქონების დაკარგვისკენ მიმართული თვალთმაქცური გარიგებები) და შეცვალოს სააუქციონო პრაქტიკა, რომელიც ხშირად უძრავი ქონების მიზერულ ფასად გასხვისებით სრულდება. ამის ნაცვლად, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ვალების რესტრუქტურიზაციას, მხარეებს შორის მედიაციას და მოქალაქეების ფინანსურ განათლებას.
  • ყველა ამ პროცესის პარალელურად, არსებითია, სახელმწიფომ უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა და მონაცემთა აღრიცხვა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა საჯარო უნდა გახადონ დეტალური სტატისტიკა გამოსახლების საქმეებზე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასება სრულად იხილეთ ბმულზე.