ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ - ევროკომისის პრეზიდენტი პუტინის გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ეხმაურება.

ფონ დერ ლეიენი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევაა.

„უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევაა.

ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და იმ მიზნით, რომ უკრაინას გამოუცხადონ სოლიდარობა“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

იმავე განცხადებით გამოეხმაურნენ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.