საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებით მიმართა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი ხდება, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია დაეკისროს.
ცვლილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონსა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელია, მინისტრის პირველმა მოადგილემ ან მოადგილემ შეთავსებით შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეასრულოს.
„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს შესაბამისი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებასა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კონკრეტულ სფეროებში პასუხისმგებლობის კონცენტრირებასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, რიგი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას, არსებული ადამიანური რესურსის გონივრულად გამოყენებას“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მთავრობის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის არ ითვალისწინებს დამატებითი ანაზღაურების დაწესებას და ის ანაზღაურების გარეშე განხორციელდება.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
21 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ზურაბაშვილი ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
კობახიძის თქმით, „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“.
მისივე თქმით, ჟენევის ფორმატთან ერთად სპეციალურ წარმომადგენელს ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
კობახიძის განცხადებით, გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას.