საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს ჟურნალისტებმა უკრაინის ევროკავშირში სპეციალური პროცედურით გაწევრებაზე დაუსვეს შეკითხვა.
„დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, დამიჯერეთ. უფრო პრაქტიკული საკითხებით უნდა დავკავდეთ. წევრობა არის ის, რასაც წლები სჭირდება. ჩვენ კი პასუხები უახლოეს საათებში უნდა გავცეთ და არა უახლოეს წლებში.
უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვებრძოლოთ აგრესიას. მსოფლიო არ დაუშვებს, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაამარცხოს მეზობელი ქვეყანა თავისი სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით. თუ დავუშვებთ, ეს იქნება „ჯუნგლების კანონი“, -აღნიშნა მან.