თბილისში მყოფი უკრაინელები ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს დამატებით დაეხმარონ, მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ.

„ეს შეიძლება ძალიან უმნიშვნელო იყოს, პატარა რამ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უკრაინელი მოქალაქეებისთვის იქნება უფასო და ჩემი თხოვნა იქნება, რომ აბონემენტების დაურიგონ. ეს ისეთი არაფერია, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მათ ამის შესაძლებლობაც ექნებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ასევე ჩაერთვება უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში და ბიზნესსექტორსა და რიგით მოქალაქეებთან ერთად უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შეაგროვებს.

„ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით, პანდემიის დროს ძალიან აქტიურები ვიყავით. ბიზნესთან ერთად, რიგით მოქალაქეებთან ერთად გროვდებოდა გარკვეული პროდუქტი და ურიგდებოდა მოსახლეობას.

მინდა ილია ელოშვილს დავავალო, გაიხსნას ანალოგიური ადგილი, სადაც მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ აქციაში და შევუერთდეთ ცენტრალურ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ბიზნესიც გამოთქვამს მზადყოფნას“, – თქვა კალაძემ.

ასევე, კახა კალაძის თქმით, მას პირადადაც სურს, მხარი დაუჭიროს უკრაინელებს, რომელთაც მოუწიათ საცხოვრებლის დატოვება და მზადაა, თავის მეგობრებთან ერთად, თავიანთი სახსრებით საქართველოში ცხოვრების საშუალება მისცენ მათ, სანამ უკრაინაში ომია.