კანდელაკი და მისნაირები რეზოლუციის ტექსტში ტყუილების ასახვას ცდილობდნენ – ოხანაშვილი

ვასკა მათითაიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ტექსტი იმიტომ ჩავარდა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციასა და მათ მოკავშირეებს ტექსტში ტყუილებისა და სიცრუის შეტანაში ხელი შეუშალეს.

„ქართულმა მხარემ საკმაოდ ინტენსიურად და ნაყოფიერად იმუშავა იმისათვის, რომ კანდელაკისა და მისნაირების მცდელობა, ჩაწერილიყო ტექსტში ტყუილები და სიცრუე, არ მიეღოთ. შესაბამისად, ქართულმა მხარემ ამ საკითხზე საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა, რომ ტყუილები და სიცრუე არ ასახულიყო ამ დოკუმენტში. ჩვენ მივეჩვიეთ და ვხედავთ, რომ ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და აქვთ ძალიან დაბალი რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ ან ბრიუსელში, ან სტრასბურგში, ან ვაშინგტონში”, – განუცხადა მედიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 12-13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში იმართებოდა, ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ.

სხდომამ მუშაობა 13 თებერვალს დაასრულა. ორდღიანი მუშაობის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს კენჭი უნდა ეყარა ერთობლივი განცხადებისა და რეკომენდაციებისთვის, თუმცა ტექსტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.