თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაში აღმოსავლური წარმომავლობის მწერლების სიმრავლეა. აღმოსავლეთის შემოქმედებითი ათვისება, რომელიც წინა საუკუნეებში ფრანგი ორიენტალისტების მეშვეობით დაიწყო, დღეს სულ სხვა სიღრმით, უკვე საფრანგეთში ემიგრირებული აღმოსავლელების, თანაც მათი მეორე ან მესამე თაობის წარმომადგენლების ძალებით ხდება. ამ თაობამ უკვე ისე ღრმად შეაღწია ფრანგულ კულტურულ სივრცეში, რომ თვითონვეა ამ სივრცის გამორჩეული და თავისებურად საინტერესო ნაწილი. მერე რა, თუ მათ ნაწერებში აღარ „ისმის“ ფლობერისა და ჰიუგოს დახვეწილი ფრანგული, სამაგიეროდ, ისინი შიგნიდან და ავთენტურად გადმოსცემენ სამყაროს, რომელსაც წარმოშობითა და ბედისწერით მიეკუთვნებიან და არკვევენ ამ სამყაროს ემოციურ, სოციალურ თუ სხვა მიმართებებს მასპინძელ ქვეყანასთან თუ უკვე თავიანთ მეორე სამშობლოსთან. ენობრივ შეცდომებსა და უზუსტობებს კი მათ გარეშეც მშვენივრად მიხედავს გამომცემლობათა რედაქტორების გაწაფული ამქარი…
წიგნი, რომლის ქართული თარგმანიც ამ ცოტა ხნის წინათ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა, სწორედ ასეთი აღმოსავლელის დაწერილია. 1981 წელს მაროკოში დაბადებული ლეილა სლიმანი, საფრანგეთში საცხოვრებლად მხოლოდ 1998 წელს გადავიდა. დღეს იგი აღიარებული ფრანგი მწერალი და სამოქალაქო აქტივისტია. თავდაპირველად ჟურნალისტობით გაჰქონდა თავი, 2006 წელს გადაიღეს ფილმში, ხოლო 2012 წლიდან მთლიანად მწერლობაზე გადაერთო და რამდენიმე რომანიც დაწერა. მისმა ამ რომანმა, რომელიც ქართულად შესანიშნავად თარგმნა მაია ქაცანაშვილმა, 2016 წელს გონკურის პრემია მოიპოვა.
ვინც ზედაპირულად მაინც იცნობს ფრანგული გონკურის ამ ძალზე პრესტიჟული ჯილდოს სპეციფიკას, მისთვის ეს ფაქტი თავისთავად მრავლისმთქმელია, რადგან ეს პრემია შემთხვევით ადამიანებს, როგორც წესი, არ გადაეცემა და გემოვნებიანი ლიტერატორებისა და ლიტერატურისმცოდნეთაგან შემდგარი ჟიური თითქმის მეცნიერულად ასაბუთებს თავის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
2016 წელს გაზეთ „ლე ფიგაროს“ მიერ ორგანიზებულ ფესიბუქლაივზე, რომელიც იმ წლის გონკურის პრემიას ეძღვნებოდა, გონკურის აკადემიის პრეზიდენტმა, ბერნარ პივომ განაცხადა:
„ლეილა სლიმანი არის ნიჭიერი ყმაწვილი ქალი, და, ჩემი მხრივ, გონკურის პრემიის პათოსს მთლიანად ვიზიარებ “.
წიგნი, რომლის ფრანგული სათაურია Chanson Douce („აკვნის სიმღერა“), საფრანგეთში ბესთსელერად იქცა. რამდენჯერმე გამოიცა და გაიყიდა მისი 76 000 ეგზემპლარი. ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე და აი, ჩვენი ტემპებისათვის თითქმის რეკორდულ ვადაში უკვე ხელთ გვაქვს რომანის ქართული თარგმანიც.
მიუხედავად იმისა, რომ, ძირითადად, არ ვენდობი ხოლმე მასობრივად საინტერესო ბესთსელერების მისამართით აღძრულ საყოველთაო ცნობისწადილს, მაინც ძალზე დამაფიქრებელია მიზეზები, რომელთა გამოც ესა თუ ის წიგნი მკითხველის ყურადღების ცენტრში ექცევა, ხოლო იმავე პერიოდში გამოცემული სხვა (იქნებ არანაკლებ საინტერესო) ნაწარმოები ვერასოდეს ახერხებს ვერც ჩვეულებრივი მკითხველის გულის მოგებას და მით უმეტეს, ვერც რომელიმე პრესტიჟულ პრემიაზე წარმატებას.
თუ ყველაფერს ბედისწერის ან შემთხვევითობის წყალობით არ ავხსნით, რით დაიმსახურა ლეილა სლიმანის კონკრეტულად ამ რომანმა ასეთი დაფასება?
პირველ რიგში, ალბათ, თემის აქტუალობით. თანამედროვე ევროპისათვის ოჯახში ბავშვის აღმზრდელად დაქირავებული ადგილობრივი თუ მიგრანტი ქალების პრობლემა საკმაოდ მტკივნეული საკითხია.
შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ სლიმანის რომანის სიუჟეტმა თანამედროვე ირანელი მწერლის გოლი თარაყის ბრწყინვალე მოთხრობა „ამინეს შორეული მოგზაურობა“ გამახსენა. სხვათა შორის, ქართულად ამ მოთხრობის შესანიშნავი თარგმანიც გვაქვს, რომელიც სპარსულიდან თეა შურღაიამ შეასრულა.
ორივე ნაწარმოების სიუჟეტისათვის იმდენად გამჭოლია ეჭვიანი ძიძის თემა, რომელსაც დედის ჩანაცვლება სურს და ამაზეა აგებული ძირითადი მხატვრული კონფლიქტი, რომ შემიძლია ვივარაუდო, ლეილა სლიმანს წაკითხული უნდა ჰქონოდა გოლი თარაყის მოთხრობის ფრანგული ვარიანტი.
მეტის მტკიცება ამ ეტაპზე ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა ფაქტია, რომ ორივე ტექსტის არაერთი პასაჟი მეტისმეტად ემთხვევა ერთმანეთს და ძალიან მინდა ეს დამთხვევები ბანალურ პლაგიატს ან თუნდაც ლიტერატურულ გავლენას კი არა, ერთი თემიდან ბუნებრივად გამომდინარე კოლიზიებს მივაწერო.
თუმცა, ცხადია, ორ სიუჟეტს შორის არის არსებითი განსხვავებებიც.
თუ გოლი თარაყის მოთხრობაში ძიძა ფილიპინებიდან ჩამოსული მიგრანტია, ლეილა სლიმანის რომანში არაბული წარმოშობის, გაფრანგებული ქალისა და ფრანგი მამაკაცის წყვილი თავისი ორი ბავშვის აღსაზრდელად შუა ხნის ასაკის ფრანგ ქალბატონს ქირაობს. საინტერესოა ისიც, რასაც მწერალი გაკვრით, ერთადერთი ფრაზით გვეუბნება: თვითონ არაბული წარმოშობის დედას, რომელსაც ფრანგი მეგობრები ოჯახური მოვალეობებიდან თავდაღწევისა და სამსახურებრივი კარიერის აწყობისაკენ უბიძგებენ, არ სურს შვილების აღმზრდელად შინ აღმოსავლეთიდან (კონკრეტულად, არაბული ქვეყნებიდან) ემიგრირებული ქალის შემოშვება.
ეს სურვილი კი არაიმდენად სნობიზმით, რამდენადაც საკუთარი სამყაროს, საკუთარი წარმომავლობის შიშით აიხსნება და მგონია, რომ სწორედ ეს არის ამ რომანის ერთი ძირითადი სათქმელიც: შიში სამყაროსი, რომელმაც გვშვა და შიში შვილებისა, რომელთაც ჩვენა ვშობთ: უახლოესი გარემოს აუხსნელი, დაუძლეველი, გადაულახავი შიში, რომელიც ამ გარემოდან გაქცევას, ამ გარემოს მიმართ პასუხისმგებლობებზე უარის თქმას გვაიძულებს.
თანამედროვე მსოფლიოში ძიძების აღზრდილი თაობის – ბავშვების მშობლებსაც საკუთარი შვილებისათვის არა სცალიათ, საარსებო სახსრისათვის და განსაკუთრებით – მეტისმეტად გაზრდილი კომუნალური თუ სოციალური გადასახადების დასაფარავად – თვითონვე უმძიმესი შრომა უწევთ. სწორედ ამ მიზეზის და არა იმდენად კარიერისტული ამბიციების გამო, ისინი იძულებული არიან, ჩვილი ბავშვების პირობებშიც კი იმუშაონ და მათი უმთავრესი მოვალება თუ მოწოდება – მშობლობა, შვილების აღზრდა – სხვა ადამიანებს, ძირითადად, შემთხვევით პირებს, უცნობებს, სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ იაფ მუშახელს გადააბარონ.
მეორე მხრივ, დგანან სწორედ ეს ადამიანები: უკეთესი ცხოვრების ძიებაში უცხო მხარეში გამოქცეულნი, ყოფისგან გათელილნი, დაავადებულნი, ნერვებდაწყვეტილნი, მაგრამ იძულებულნი, რომ მართლა ლუკმაპურისათვის იდგნენ ფეხზე, ემსახურონ სხვებს, უნდათ თუ არა, შეიჭრნენ სხვათა ცხოვრებაში, რომ მერე თავიანთი ნებისმიერი პატარა სურვილიც კი ეგოისტურ ახირებად, მიუტევებელ ცოდვად ჩაეთვალოთ.
სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ლეილა სლიმანის რომანში ძიძა, არა მიგრანტი, არამედ საფრანგეთში დაბადებული, წარმოშობით ფრანგი ქალი, ლუიზია, რომელსაც თავისმა ქვეყანამ, უცხოელებზე ამ ერთგვარი უპირატესობის მიუხედავად, ვერანაირი სოციალური გარანტიები ვერ შეუქმნა.
ლუიზი თითქოს მექანიკურად ცხოვრობს: სანამ გათხოვილია, ემორჩილება ეგოისტი და მეშჩანი ქმრის სურვილებს, ვერ აწყობს ურთიერთობას საკუთარ ქალიშვილთან, სამაგიეროდ, მუშაობს ძიძად შედარებით უზრუნველყოფილ ოჯახებში, ოღონდ მათგან აღებული გასამრჯელოთი, განსაკუთრებით, მეუღლის სიკვდილის შემდეგ, გადასახადებისა და ნაქირავები ბინის ფულის გადახდასაც ვერ აუდის.
ახლა გავიფიქრე, სიუჟეტის მოყოლის ვნებამ ხომ არ ამიტანა-მეთქი, თუმცა, აქვე მივხვდი, რომ ლეილა სლიმანის „იავნანა“ შეიძლება ისე მოჰყვე, „სპოილერის“ შიშმა არ შეგაწუხოს. ჯერ ერთი, რომანი იმგვარად არის აგებული, რომ ფინალი პირველივე გვერდებზეა გამოტანილი: დახოცილი და-ძმა, რომელთა მკვლელობაშიც ძიძას ადანაშაულებენ. კვანძიც შეკრულია და ინტრიგაც აქვეა დასრულებული.
ამდენად, ამ რომანში მთავარია არა შინაარსი, არამედ პერსონაჟები, რომელთა ურთულესი შინაგანი სამყაროს და არაერთგვაროვანი ურთიერთობების ჩხრეკა მკითხველს უდიდეს სიამოვნებას მოჰგვრის. დიახ, სიამოვნებას, რადგან აღწერილი კოშმარის მიუხედავად, ლეილა სლიმანს არასოდეს ავიწყდება, რომ ადამიანი არ არის უსულო ქანდაკი – ან ერთთავად მახინჯი ან ერთთავად მშვენიერი.
ადამიანს ვითარებები ქმნიან. ამ ვითარებების, როგორც ბედისწერის ძალაზე, მწერალი რომანის დასასრულს მიგვანიშნებს, როცა პოლიციის გამომძიებელი ქალი, ნინა დორვალი, რომელიც და-ძმის მკვლელობის ამბავს იძიებს და მკვლელ ძიძას, ლუიზს, ყველაზე ახლოს, ნამდვილად ლუიზის უახლოეს ადამიანებზე უკეთესადაც კი გაიცნობს, უცებ, თავის წარმოსახვაში, სწორედ ლუიზად გარდაისახება.
ლეილა სლიმანი ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ადამიანი შეიძლება თითქმის უფრთო ანგელოზიდან ლამის ჯოჯოხეთის მუგუზლამდე მერყეობდეს. ამ ორ მოცემულობას შორის კი უფსკრული ამთქნარებს.
მე თუ მკითხავთ, სწორედ ამ უფსკრულზე, ზემოხსენებულ გრადაციაზე მოგვითხრობს ეს რომანი და მოგვითხრობს ისე ოსტატურად, რომ მკითხველს წამითაც კი არ ეპარება ეჭვი მწერლის ნააზრევში. თითქმის თვალდახუჭული მისდევ მას და გრძნობ, რომ რასაც გინდა, ამბობდეს, თუნდაც ორ ურთიერთგამომრიცხავ რამეს ერთმანეთის გვერდით, სულერთია, მაინც გჯერა მისი, რადგან პერსონაჟს რამდენიმე კუთხით, პროფილსა და ანფასში ერთდროულად გიჩვენებს და რაც მთავარია, გვიჩვენებს სამყაროს, სადაც ეს ადამიანები ტრიალებენ; სამყაროს, რომელიც ყველას მიმართ უკიდურესად არაკეთილგანწყობილია, რადგან მეტისმეტად დაპატარავდა, რადგან თითქოს თავიდან არც იყო ამდენ ადამიანზე გათვლილი და ახლა ჩვენი უმრავლესობა თითქოს ზედმეტია, თითქოს ყველა ჩვენგანი სხვის ადგილს ვიკავებთ ან იმისათვის, რომ ბედნიერად ვიგრძნოთ თავი, მაინცდამაინც სხვისი ადგილი უნდა დავიკავოთ.
„ვიღაც უნდა მოკვდეს, ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ ჩვენ ბედნიერება გვერგოს!“ – ეს საშინელი ნანა თან დაჰყვება ლუიზს, სადაც კი მიდის. ფრაზები, რომლებიც თვითონ არ მოუგონია და რომელთა აზრიც ხანდახან წესიერად არც კი ესმის, ჩაბუდებულა მის გონებაში. გული გაჰქვავებია. წლებმა სქელი და ყინულოვანი ქერქით დაუფარა ის და ძლივსღა აღწევს მის ყურამდე გულისცემის ხმა. უკვე აღარაფერს შეუძლია მისი გულის აჩვილება. უნდა აღიაროს, რომ სიყვარული არ შეუძლია. გულიდან მთელი სითბო, მთელი სინაზე გამოწურა და მის თითებსაც საალერსოდ ხელშესახებად აღარაფერი დარჩენიათ.
„დავისჯები, – ფიქრობს ხოლმე ლუიზი, – აუცილებლად დავისჯები იმისათვის, რომ სიყვარული ვერ ვისწავლე!“ –
წიგნის ბოლო გვერდებზე გამკრთალი ამ შესანიშნავი ფრაგმენტის დამოწმებით ჯერ ერთი გვინდოდა, რომანის მთავარი გზავნილი ამოგვეცნო და მეორეც, გვინდოდა გვეჩვენებინა, რა შესანიშნავად არის გადმოქართულებული ეს ნაწარმოები მაია ქაცანაშვილის მიერ (რედაქტორი – ანა ჭაბაშვილი).
ამ ბოლო დროს თარგმანების მოძალებამ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე დაგვაყენა: კარგია, რომ ამდენი რამე ითარგმნება, მაგრამ ამ თარგმანთა უმეტესობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სასიხარულოა, რომ მაია ქაცანაშვილის სახით, მე, პირადად, ფრანგულიდან მთარგმნელთა შორის ერთ-ერთი სანდო და საკუთარი თავის მიმართ უშეღავათო პროფესიონალი მეგულება, რომლის უკვე მერამდენე ნამუშევარსაც დიდი აღტაცებით გავეცანი.
მიხარია, რომ მკითხველს, რომელსაც ჯერ არ წაუკითხავს ლეილა სლიმანის რომანი, წინ უჩვეულო სიამოვნება ელის ამ ორი სამყაროს – დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სააქაოსა და საიქიოს – სასტიკი, მაგრამ მაინც იმედიანი „იავნანით“.