თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდა 5 ივლისის საქმის ერთ ეპიზოდზე.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულები მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ასევე „მთავარი არხის“ ჟურნალისტ დეა მამისეიშვილის და დათუნა ახალაძის და „იმედის“ გადამღები ჯგუფის – დიტო ყირიმლიშვილის და შოთა კერვალიშვილის, „ტაბულას” ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას და ოპერატორ დათო ქორიძის, „რუსთავი 2-ის“ ოპერატორ ბექა ათაბეგაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე.
ბრალდებულებს ორგანიზებული ძალადობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდათ და დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფურ ძალადობაში.
დაკავებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს შეეფარდათ პატიმრობა 1 წლითა და 3 თვის ვადით, ილია ქებაძეს, თემურ ხარაულს, 1 წლისა და 2 თვის ვადით, უშანგი დათუნაშვილს კი 5000-ლარიანი გირაო დაეკისრა. სასჯელის მოხდა აითვლება მათი დაკავების დღიდან.
ამავე საქმის მომდევნო ორ ეპიზოდზე, მათ შორის, ლექსო ლაშქარავაზე, განაჩენი რამდენიმე წუთში გამოცხადდება. სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა 6 ივლისს „პლატირანიუსის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე.
სასამართლო სხდომების პარალელურად ეზოში ბრალდებულების მხარდასაჭერად ძალადობრივი ჯგუფების წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მობილიზებულია პოლიციაც.
იმავე ლოკაციაზე 3 საათზე მედიის წარმომადგენლების აქციაცაა დაგეგმილი.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.
დაკავებულ პირებს ბრალდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და დევნის მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი.