ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

მესამე განაჩენი 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის საქმეზე – სასამართლომ გადაწყვეტილება ამჯერად იმ ეპიზოდზე გამოაცხადა, რომელში დაზარალებულად ცნობილი არიან „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია და ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.

საქმეზე ბრალდებული 6 პირი იყო – დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, გია გიგუაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი და აკაკი ნაკაშიძე.

6-ვე პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლე ნინო ელეიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ყველა ბრალდებაში დამნაშავეები არიან. ბრალი გადაუკვალიფიცრდა მხოლოდ ცოტნე ჩიხლაძეს.

ჟურნალისტებზე ძალადობა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში განხორციელდა. ლექსო ლაშქარავას სახის და სხეულის არეში მრავლობითი დაზიანება ჰქონდა მიყენებული. 11 ივლისს ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის ბიურო მისი გარდაცვალების მიზეზად  ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას მიიჩნევს.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ ლაშქარავას ოჯახის წევრები, „ტელეკომპანია პირველი“ და მისი უფლებადამცველი ორგანიზაცია „საია“.

ცოტნე ჩიხლაძე დამნაშავედ ცნეს ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაშიც.

5 ივლისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 საქმის განხილვა დაასრულა.

ბრალდებულებს ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება მოეხსნათ, ბრალი გადაუკვალიფიცირდათ და სასჯელის ზომად ზოგს ერთი წელი, ზოგს კი 3 წელი შეეფარდათ. ერთ პირს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.