„ფეხების და ხელების მრავალჯერადი დარტყმა, ტექნიკის დაზიანება"... | პროკურატურა ლაშქარავა-ბაღათურიას საქმეზე

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „TV პირველის” ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულების მორიგი სხდომა გაიმართა. საქმეზე ბრალდებული 6 პირია – დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, გია გიგუაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი და აკაკი ნაკაშიძე.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით გამოიკითხა მირანდა ბაღათურია. მან მასსა და მის ოპერატორ, გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გაიხსენა. ბაღათურიას ჩვენება პროცესიდან სააგენტო IPN-მა გაავრცელა:

„როცა შემოიჭრნენ, ვერ შეგვამჩნიეს, კიბის კუთხეში ვიყავით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არავისთვის კითხვა არ დამისვამს, არავისთვის მიკროფონი არ მიმიშვერია. ვიცოდი, რომ გაღიზიანებულები იყვნენ და ვცდილობდი, ხმა არ ამომეღო. ლექსოს ვუთხარი და ამას ძალიან ვნანობ, ერთ-ერთს ჰქონდა ხელი გადაჭრილი, მოატრიალა კამერა რომ გადაეღო. ამ დროს ამ ადამიანებმა იფიქრეს, რომ ჩვენ ვუღებდით, მაშინვე დაიწყო აგრესია, ნუ გვიღებთო. მე და ლექსო შუაში მოგვიქციეს. იყო ქაოსი, ვინ საიდან გვეჯაჯგურებოდა, არ ვიცი. პირველი სამიზნე იყო ლექსო, რადგან იღებდა, თუმცა პირველი ძალადობა იყო ჩემზე, მისი ამოცნობა არ შემიძლია. ლექსო, გარდა იმისა, რომ ოპერატორია, ის კაცია და უთხრა, რას აკეთებთ, ჟურნალისტია, გოგოაო. სამიზნე იყო ლექსო და ტექნიკა, ლექსოც და მეც წინააღმდეგობას ვუწევდით. ვცდილობდი ამ ადამიანებისგან თავი დამეღწია. ლექსო ჰაერში აიტაცეს. აპარატურას, კამერას ხსნიდნენ და მისი მტვრევა დაიწყეს. ფეხებს, ხელებს ურტყამდნენ, 51 კილო ვარ და მთელი ძალით ვურტყამდი ყველას წიხლებს, ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა, ვერაფერი გავაკეთე. ლექსო ქვედა სართულზე ჩაიყვანეს, განწირულად ვყვიროდი, ჩემს გაჩუმებას ცდილობდნენ. არცერთი წამით არ გვიშვებდნენ”, – განაცხადა ბაღათურიამ პროცესზე.

„პუბლიკამ” შეკითხვებით მიმართა პროკურატურას, ბრალდების მხარის მტკიცებით, რაში გამოიხატა ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება და რა მტკიცებულებები აქვთ მათ წინააღმდეგ.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ ექვსმა ბრალდებულმა და გამოძიებისთვის ამ ეტაპზე დაუდგენელი პირები, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას და ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას, უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

„ექვსივე პირი სხვა პირებთან ერთად ფიზიკური ძალადობით: ფეხების და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანების გზით, აიძულებდნენ ბაღათურიასა და ლაშქარავას შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, მათ შორის იმ მიზნით, რომ არ განეხორციელებინათ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრების მოპოვება და გავრცელება”, – ამბობს პროკურატურა.

პროკურატურა ამბობს, რომ 5 ივლისს, დღის საათებში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან განხორციელებული ძალადობის დროს, ბრალდებულებმა ლაშქარავას სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმით განზრახ მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულია სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის სხვადასხვა ტელევიზიებიდან და რუსთაველის გამზირზე არსებული კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერები, საქმეზე წარდგენილია ასეულობით მოწმის ჩვენება.

უწყების ცნობითვე, ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, მირანდა ბაღათურიამ საქმეზე დაკავებული ექვსივე ბრალდებული ამოიცნო.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მიაჩნიათ, რომ უდანაშაულოები არიან.