„...ამ საქციელებით მივხვდით, რომ მათ უნდოდათ, გვეძალადა მათზე“ - კუტალაძე სასამართლოზე

პუბლიკა

„TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ  დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თეიმურაზ სიხარულიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო სხდომაზე მისი სიტყვა ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი იყო.  „პუბლიკა“ გთავაზობთ ბრალდებულის გამოსვლიდან ამონარიდებს: 

„მე ვარ დავით კუტალაძე, ქუთაისიდან, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი. აქ მოისმინეთ, რომ მე ვარ მოძალადე და ჯგუფური თავდასხმის [მონაწილე]  ჟურნალისტებზე… მაგრამ მე ახლა აგიხსნით, რა და როგორ… მე ქალაქ ქუთაისიდან იმიტომ ჩამოვედი, რომ … ჩვენ ვიყავით ბორჯომში…  ჩვენ ვიყავით იქ, სადაც მიწები იყიდებოდა და ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც დავინახავ არასამართალს.

ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, რომელზეც ამ ელგებეტე წარმომადგენლებმა ჩვენი დროშის ფონზე, ჩვენი ეროვნული დროშის ფონზე… ჩაწერეს უმსგავსო საქციელები. შემდეგ ამას დაარქვეს, რომ 5 ივლისს ისევ გამოვიდოდნენ და რუსთაველზე, სადაც ჩვენი გმირები დაიღუპნენ, [გაიმართებოდა] „ღირსების მარში“. ეს იყო გამოწვევა, ჩვენი სულიერი, ადამიანური გამოწვევა…

ამ საქციელებით მე მივხვდი, რომ მათ სურდათ, გვეძალადა მათზე. მე ჩამოვედი ქუთაისიდან ჩემს თანამოაზრეებთან ერთად.

მე 5-ჯერ მაქვს გადაკვეთილი ევროპის საზღვარი. 29 წლის მანძილზე ევროპაშიც ერთი საქმე მანახეთ ელემენტარული, წვრილმანი ხულიგნობაც არ ჩამიდენია. ჩემგან უნდათ, შექმნან მოძალადე, რადგან შეეხნენ ჩემთვის ძვირფასს.. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო ახალგაზრდა თაობისთვის, თვალებში ჩახედვის არ უნდა მეშინოდეს. მოხუცებისთვის… რომლებმაც რელიგია, რწმენა და ღირსება ჩვენამდე მოიტანეს, არავის არ აქვს მისი ხელყოფის უფლება.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, მათ დამაბრალეს იმ გარდაცვლილი ადამიანის, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ხელყოფა. დადეს განცხადება, რომ ტვინის შეშუპება დავმართე. ადამიანი გამოდის შოუში და ნახევარი საათი საუბრობს, კარგადაა და ეტყობა, რომ არაფერი არ ემუქრება. 5 დღის მერე ადამიანი შედის აფთიაქში და შემდეგ არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება სახლში. ჩემგან უნდათ შექმნან განტევების ვაცი, რომ ეს ადამიანი ჩვენ მოვკალით.

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს, რომ ქართველია.

გამოვიდნენ რუსთაველზე ეს უმსგავსო ადამიანები და ჩვენი ერი გარყვნან, არავის მივცემ ამის უფლებას. მე შეიძლება, არ მქონდეს უმაღლესი განათლება (საშუალო განათლება მაქვს), მაგრამ ცხოვრება ისეთი გაკვეთილია, რომელსაც ვერ გააცდენ.

…მე არ ვარ მოძალადე. მე ვარ მართალი ადამიანი და არ მოგცემთ უფლებას, რომ ქართული შეურაცხყოთ. ჟურნალისტობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს.

საქართველოში ვერასდროს იბოგინებს ისეთი ადამიანი, ვინც ჩვენს დროშას, იმ ეროვნულ მუსიკას შეურაცხყოფს, რომელზეც ჩვენი ქორწინება ხდება. ჩენს ბიბლიას და სამებას შეაგინებს. სადაც არ უნდა ჩატარებულიყო ანალოგიური, ყველგან წავიდოდით… ჩემ მიერ მოქცეული დანა თქვენს გულშივე ჩაგერჭოთ ხანჯლად… შემდეგ გადაწყვიტეს, პარლამენტის წინ ეს ადამიანი – ჟანა დარკი, გაეცხადებინათ, რომ რტყმევაში მოვკალით და მეორე წუთში კი დაიდო ვიდეოები  და ხალხმა გაიგო სიმართლე…

მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც არასდროს მოგცემთ თქვენ უფლებას, საქართველოში, კავკასიის გულში, სადაც გმირები მოვდივართ, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი დგას, ასეთი მარში ჩატარდეს.

…ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ჩემნაირი მართალი ადამიანები, ვინც ვერ მოისყიდეს, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს არ ხმარობს და ჯანსაღად აზროვნებს, მათ სჭირდებათ თავგაბრუებული ახალგაზრდები, ვისაც ტაბლეტებით მართავენ. თქვენ წინ დგას ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ვინც თავისი ხელებით აჭმევს მის დედ-მამას, ვისაც აქვს მიწები და ვისაც აქვს მეურნეობა. ვისაც აქვს ვაზი. ამ გენს თქვენ ვერ გადააშენებთ. მე არ მეშინია არაფრის, რადგან ჩვენ ვართ მართლები.

…გარყვნილი სატანის მსახურები. ჩვენ ვართ პატიოსანი მშრომელი ადამიანი. მე ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი ვარ. ღმერთმა დალოცოს ჩემი საქართველო, ამინ. ეს იყო სულ ჩემი სათქმელი…“, ამბობს ის.


დავით კუტალაძე 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღირსების მარშს აპროტესტებდა და ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრი იყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. [დავით კუტალაძე] და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას.

კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კუტალაძე 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

ლაშქარავასა და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის სულ დაკავებულია 5 პირი, დანარჩენ ოთხსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული.