ზელენსკი გაეროს: თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, თვითლიკვიდაცია დაგრჩენიათ

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. მან რუსული ძალების მიერ ბუჩაში განხორციელებულ მკვლელობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ დარჩენილა დანაშაული, რომელიც რუსებმა იქ არ ჩაიდინეს.

„სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭო არსებობს, ის იქ არ არის. მაშ, სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს? მინდა შეგახსენოთ გაეროს წესდების 1-ლი მუხლის პირველი თავი. რა არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. ახლა კი გაეროს წესდება ფაქტობრივად დაირღვა. რა აზრი აქვს ყველა სხვა მუხლს?“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „გაერო უყურებდა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ანექსია, არც ომი საქართველოში და არც ის თუ როგორ ამზადებდა რუსეთი საფუძველს სხვა კონფლიქტებისთვის”.

ზელენსკიმ რუსეთს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება, ქვეყნები თავიანთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ იარაღის ძალის იმედზე იქნებიან და გაეროს შეუძლია დაიხუროს.

„… ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები, რათა რუსეთმა არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად, ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა. თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა”, – განაცხადა ზელენსკიმ.