ჯერჯერობით არ განვიხილავთ - მინისტრი შიდა სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნაზე

პუბლიკა

„ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი – შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც და ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეში პირბადეს და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ“, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვების შესახებ.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად ძალიან მალე გამოაცხადებს. მისივე თქმით, „დასასრული შორს არ უნდა იყოს“.

„რაც შეეხება პანდემიას და პანდემიის დასასრულს, მე რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება ეს და ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი.

დღეისათვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი, რითაც იზომება პანდემია ქვეყანაში. ჰოსპიტალიზაციები გვაქვს მინიმუმამდე დაყვანილი. ასევე, ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი საკმაოდ შემცირებულია და ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციით დასასრული შორს არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.