ბიზნესმენი, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს, სადაც რაჭაში მისთვის იჯარით გადაცემულ მიწაზეც საუბრობს. ბიზნესმენის განცხადებას „იმედი“ ავრცელებს.
ბიზესმენს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად Mtisambebi.ge-იმ გაავრცელა.
დავით ხიდაშელი წერილში აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია მის წინააღმდეგ, ამიტომ სურს გააკეთოს განმარტება.
„რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით – აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა. 4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არც ერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა.
ასევე, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს გარეული ღორების ფერმებს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში, “-წერს ის.
ამავე წერილში ამბობს, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს საქართველოში სანადირო მეურნეობის განვითარების საქმეში შეუერთდეს, აიღოს ვალდებულება, რომ მოუვლის ტყეს და აღადგენს ცხოველთა ჯიშებს.
„სიამოვნებით შევქმნი ამხანაგობას და მივცემ შესაძლებლობას ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. გარდა ამ პროექტისა, საქართველოში ვახორციელებ 47 პროექტს, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სათითაოდ ყველა პროექტზე გავავრცელებ განცხადებებს და მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდი, “- წერს ის.
დავით ხიდაშელი რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია, ის სანქცირებულს რუსი ბიზნესმენთან ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.