ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა, ევტუშენკოვი კი 30 წელია, ჩემი მეგობარია - ხიდაშელი

პუბლიკა

ბიზნესმენი, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. დავით ხიდაშელის განცხადებას „იმედი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში რამდენჯერმე იყო ნახსენები სახელი „დავითი“, ამიტომაც გადაწყვიტა დავით ხიდაშელმა განმარტების გაკეთება.

„ბევრმა ჟურნალისტმა მომმართა კომენტარისთვის. მორიგი სპეკულაციები რომ არ მოხდეს, გადავწყვიტე მე თვითონ გავაკეთო განმარტება. ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი. რამდენიმე წლის წინ მთხოვეს ჩავრთულიყავი ერთ-ერთ ბიზნეს საკითხში, რომელიც ეხებოდა „რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრედიტს, თუმცა აღნიშნულ საკითხში არ ჩავრეულვარ. „რუსთავის აზოტის“ ქარხანას ჰქონდა ევტუშენკოვის კუთვნილი კორპორაცია „სისტემისგან“ 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში.

როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ეს საკითხი მე არ მეხება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ალი უზდენოვთან დაკავშირებით და საქართველოში ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.

გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნესსექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა”, – წერს დავით ხიდაშელი განცხადებაში.

ის ამავე წერილში აცხადებს, რომ ის არის ბიზნესმენი და საქართველოში ახორციელებს 47-ზე მეტ პროექტს. როგორც ის წერს, მისი საქმიანობა ყოველთვის საქართველოს კეთილდღეობისკენ იყო მიმართული და არ აპირებს პოლიტიკურ შეფასებებს.