საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ყველაფერი არ შეუშლის ხელს - წილოსანი გვარამიაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ხელს არ შეუშლის.

„არაერთი საქმე ვიცით, მათ შორის, ევროკავშირის თუ დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკასთან ან მედიასთან დაკავშირებული პირები იხდიან სასჯელს, ამიტომ ერთი მეორეს არ უკავშირდება და როდესაც ეს ყველაფერი დაკარგავს, ანუ, თქვენგან მინიჭებულ რაღაც განსაკუთრებულ წონას პოლიტიკასთან ბმის თემაზე, კიდევ უფრო ნათლად გახდება ცნობილი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ყველაფერი არ შეუშლის ხელს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანს ასევე ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. წილოსანის განცხადებით, ამას არ მოელის.

„რიგ შემთხვევაში პრეზიდენტი, შესაძლოა, გარკვეულ მოულოდნელ ნაბიჯებს აკეთებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ მოველით, რომ ის ადამიანს, რომელიც პირადად პრეზიდენტის ინსტიტუციის და მის წინააღმდეგ ყველაზე დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა, ამ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება რამენაირად შეიძლება იყოს დამხმარე მის [გათავისუფლებაში]“ – განაცხადა წილოსანმა პარლამენტში მედიასთან საუბრისას.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას დღეს სასამართლომ 3.6 წელი მიუსაჯა. გვარამიას 2019 წელს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განაჩენით, გვარამია წარდგენილ 3 მუხლში გამართლდა.

კერძოდ, გამართლდა:

ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);

კომერციული მოსყიდვა (221-ე მუხლის მესამე ნაწილი);

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) (194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება ბრალად წარდგენილ მეოთხე მუხლს – მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე (სსკ-ის 220-ე მუხლზე) და ამ ნაწილში ცნო ის დამნაშავედ.

აღნიშნული მუხლით მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდზე ცნო.

I – საუბარია ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.

II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.