„თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ნებისმიერ ადამიანს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია, რომ ისაა ჟურნალისტი ან მედიის ხელმძღვანელი?“ – საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო გამოხმაურებების შეფასებისას საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს შეკითხვით.
„მე მივმართავ ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, მათ შორის, სენატის წარმომადგენლებს, მათ შორის, ყველას, ყველას… თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ნებისმიერ ადამიანს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია, რომ ისაა ჟურნალისტი ან მედიის ხელმძღვანელი?
პასუხი გამეცით, თუ 7 მილიონს მოიპარავდა ან გაფლანგავდა, თქვენ მერე გამოხვდიოდით და იტყოდით, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა? არაერთი მაგალითია ევროპაში და აშშ-ში? გამოვიდე და ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა?“, – განაცხადა ზარქუამ.
ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას 2022 წლის 14 მაისს სასამართლომ 3 წელი 6 თვე მიუსაჯა. მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ნიკა გვარამიას საქმის შეფასებისას სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. პროცესს გამოეხმაურა მედიაკოალიციაც:
- სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
- კოალიციის წევრი ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნის თანახმად, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.