ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, ამის მიუხედავად, არ მიხარია არავის დაჭერა – კალაძე

პუბლიკა

„კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება“, – დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაში, ეს არის კონკრეტული დანაშაული, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

„როდესაც სჩადიხარ დანაშაულს, ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს დანაშაულის შემთხვევაში. სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ბატონ ნიკა გვარამიას მიესაჯა სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, ბევრი სიძულვილის ენა, რაც ამ ადამიანისგან მოდიოდა, არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და მივიღეთ შედეგი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული თანხის გაფლანგვის ფაქტი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის შეჩერების პერიოდში მოხდა.

„მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა ტელეკომპანიის გადაცემის საკითხი, ზუსტად მაგ პერიოდში მოხდა ამ თანხის გაფლანგვა და მითვისება. სამწუხაროდ, ასეა. ფაქტია ის, რომ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შეუჩერა გადაცემის ფაქტი, ეს ბოროტად იქნა გამოყენებული. დამთხვევაა თუ რაც არის, ესაა რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას 2022 წლის 14 მაისს სასამართლომ 3 წელი 6 თვე მიუსაჯა. მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ნიკა გვარამიას საქმის შეფასებისას სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. პროცესს გამოეხმაურა მედიაკოალიციაც:

  • სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
  • კოალიციის წევრი ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნის თანახმად,  არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.