ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

პუბლიკა

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებშიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

„დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი.  ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო გაწევრიანებისთვის შევსებული კითხვარის წარდგენა ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშნველოვანი საეტაპო მოვლენაა“, – წერს ღარიბაშვილი Twitter-ზე.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. პრესრელიზის თანახმად, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

„შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის“, – იუწყება მთავრობის პრესსამსახური.