„ლელო“ ინტერპელაციის წესით პრემიერს შეკითხვებით მიმართავს

პუბლიკა

ფრაქცია „ლელო“ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვით მიმართავს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შეკითხვებზე პასუხის გაცემა 27 მაისის სხდომაზე შეუძლია.

ნაცვლიშვილის თქმით, პრემიერს პროცედურაში მონაწილეობას კანონი ავალდებულებს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელოს“ მიზანია, საზოგადოებამ პასუხი მიიღოს იმაზე, რამდენად დაცულია საქართველო იმისგან, რომ გახდეს რუსეთისთვის სანქციების ასარიდებლად „შავი ხვრელი“.

„ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ, მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერი პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე კონკრეტული პასუხებით. დღეს, „შავ ხვრელად“ გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ- მინისტრისგან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გაგზავნილია მთლიანობაში 4 შეკითხვა პრემიერის და 3 მინისტრის მიმართ“ და ინტერპელაცია შედგება რეგლამენტით დადგენილი წესით, 27 მაისს. კობახიძის თქმით, ეს არის უკვე ჩანიშნული და გათვალისწინებულია პარლამენტის დღის წესრიგით.


პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7-კაციან ჯგუფს, ფრაქციას აქვს უფლება, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს.

წერილობითი შეკითხვა, რომელიც პარლამენტის აპარატს ბარდება, ადრესატს გადაეცემა არაუგვიანეს 1 დღისა.

რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პირადად უპასუხოს პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.

ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება, როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში 2-ჯერ, საგაზაფხულო სესიის მარტის და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრის და ნოემბტის სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც გადაეცა სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღისა.