საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება - კობახიძე

პუბლიკა

„მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და  ქვეყნის ომში ჩართვა უნდა.

„შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ. დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, წერილობით გაასაჯაროონ ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას უფლება ექნება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მათი კრიტიკა ცარიელი დემაგოგიაა და ვიწრო სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი. შენიშვნების გასაჯაროების შემდეგ, მზად ვართ, გავმართოთ მათთან საჯარო დისკუსია თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.