საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირს საერთო წერილით მიმართავს

პუბლიკა

საპარლამენტი ოპოზიცია და პარტია „დროა“ ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს წერილებით მიმართავენ.

საპარლამენტო ოპოზიციის წერილში გამოთქმულია მზადყოფნა, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას შეუწყობს ხელს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიმართავენ ევროსტრუქტურებს, დადებითად განიხილონ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.

დეპუტატების განცხადებით, წერილს პარლამენტში პროდასავლური ოპოზიციური პარტიები დღეს მოაწერენ ხელს, რის შემდეგაც მას ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნიან.

„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის ისტორიული და კულტურული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედია თავისუფლება,  საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

არასოდეს დავივიწყებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთის  და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციტივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რასაც მოყვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვასთვის, რამაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩინა ჩვენი ქვეყნებისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი  სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ,  საქართველო ის ერთადერთი პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომელის 20%  ოკუპირებულია და  არ გააჩნია  უსაფრთხოების გარანტიები.

მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის.

ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის,  და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.

მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი ვერ შედგება და ევროკავშირის კადიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

შესაბამისად,  მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული გამოწვევებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციონერი დეპუტატები ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მივიღებთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

გთხოვთ, დადებითად განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც იქნება დამატებითი გარღვევა და ბიძგი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების და რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლების“, – აღნიშნულია წერილში.

წერილის ადრესატები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

გარდა საპარლამენტო ოპოზიციისა, ევროკავშირს წერილით მიმართა პარტია „დროამ“.

„ქართველი ხალხი იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი. გარდა ამისა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შეუქცევადს გახდის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ათწლეულების განმავლობაში, სწორედ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის გაიღო დიდი მსხვერპლი ქართველმა ხალხმა“, – აცხადებს პარტია.

„დროას“ წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინის გმირულმა ბრძოლამ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც გახსნა ისტორიული კარი და შექმნა შესაძლებლობა, ასოცირებული ტრიო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მსგავსი საფრთხეების წინაშე დგანან, რაც რუსეთის მიზანს უკავშირდება, მათი სუვერენული არჩევანი და ევროპული მომავლისკენ სწრაფვა შეზღუდოს. აქედან გამომდინარე, ასოცირებული ტრიოდან საქართველოს გამოყოფა ქვეყნის ევროპულ ოჯახში კუთვნილების შესახებ საზიანო გზავნილი იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინებთ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხის ძალისხმევას ევროპული მომავლისთვის“, – აღნიშნულია „დროას“ წერილში.