თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი გვანცა ჯობავა წერს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ წელს პირველად საქართველოს კულტურის სამინისტრო ფესტივალის მხარდამჭერების რიგებში აღარ არის.
„სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქალბატონი მინისტრის, თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა. აღარ არის არა იმიტომ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიტერატურა ფესტივალებს საერთოდ არ საჭიროებს”, – წერს ის.
მისი თქმით, სფერო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე, ფრანკფურტის ფესტივალზე ყველაზე წარმატებული მონაწილეობით ლამის მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, არ აღმოჩნდა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ფესტივალების კონკურსის ჩამონათვალში.
„იქ იყო ყველაფერი, კინო, მუსიკა, ბალეტი, ოპერა და სხვა, მაგრამ არა ლიტერატურა. ჰოი, საოცრებავ! შესაბამისად, განმარტებაც არ აღმოჩნდა საჭირო, რატომ და რისთვის ჰკრა წიხლი კულტურის სამინისტრომ ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მთელი ქალაქისთვის საყვარელ ფესტივალს.
ცხადია, ეს უკვე აღარ არის კარგი ამბავი, ეს ცუდი ამბავია, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემების გამო, საგამომცემლო სექტორს, ლიტერატურის სფეროს, ათიათასობით მკითხველს და ჩვენს ქალაქს შეიძლებოდა 23-წლიანი ისტორიის შემდეგ, მისთვის ასე საყვარელი წიგნის ფესტივალი უბრალოდ დაეკარგა და ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მიზნადაც დასახული – დავეტოვებინეთ იმ ფესტივალის გარეშე, რომელიც ყველასია, სადაც ყველას ხმა ისმის, განურჩევლად ასაკისა, გემოვნებისა, მრწამსისა, საერთოდ ყველაფრის განურჩევლად, ამიტომ იშვიათად იპოვით მწერალს, ლიტერატორს, გამომცემელს, რომელიც ერთხელ მაინც არ ასულა ჩვენი ფესტივალის სცენაზე, ერთხელ მაინც არ მოსულა ჩვენთან და ძალიან დიდი სიყვარული არ მიუღია”, – წერს გვანცა ჯობავა.
როგორც ის ამბობს, გარდა წიგნის ფესტივალისა, ლიტერატურული პრემია „ლიტერასი“, ეს ნგრევა დაიწყო უფრო ადრეც, როდესაც ასევე ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი თქვა იმ ერთადერთ პროექტზეც, რომელიც წელიწადში ერთხელ საქართველოს 65 მთავარ ბიბლიოთეკას დაახლოებით 900-900 ლარის ღირებულების სრულიად ახალი წიგნებით ამარაგებდა.
„აგერ უკვე მეორე წელია, ბიბლიოთეკარები ამაოდ ელიან, რომ ისევ დავუძახებთ და ისევ გადავცემთ ვაუჩერებს ახალი წიგნების შესაძენად. სამწუხაროდ, არა, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროს ბიბლიოთეკების ბედი აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ მთავარია პირადი ინტერესები, მთავარია ვინ ჩვენიანია და ვინ სხვისიანი ან არავისიანი, შესაბამისად არასაჭირო.
… რა სამარცხვინოა, ებრძოდე თავისი საქმის პროფესიონალებს, ებრძოდე ყველაზე არასამართლიანი მეთოდებით. რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა”, – ამბობს გვანცა ჯობავა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება წელს, სართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 26 მაისს გაიხსნა, ექსპო ჯორჯიაში და ხვალ, 29 მაისს დაიხურება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინის ლიტერატურულ ფესტივალ „წიგნის არსენალთან“ პარტნიორობით, ფესტივალის ფარგლებში, უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენას გამართავს.