სტუდენტები რექტორის ოთახთან არიან შეკრებილნი, ჩამოხეულია კაბინეტის აბრა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი მორიგ აქციას მართავს. ისინი გამოცდების ონლაინრეჟიმში ჩატარებას მოითხოვენ. მოგვიანებით მათ რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლეს, მოითხოვენ, რექტორის კაბინეტში შესვლას და მასთან შეხვედრას. „გააღე, გააღე!..“ – ისმის შეძახილები.

ერთ-ერთმა სტუდენტმა რექტორის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა და ფეხითაც შედგა.

ამ დროისთვის რექტორის კაბინეტის შესასვლელში დაცვა დგას და სტუდენტებს შიგნით არ უშვებს.


„ჰიბრიდული რეჟიმი, რომელსაც ორი თვის განმავლობაში ვითხოვდით, საშინელი ხარვეზებით მიმდინარეობს. Გადაწყვეტილებამ, რომ ფაკულტეტებს თავად აერჩიათ მეთოდები სრული ქაოსი და დაბნეულობა გამოიწვია, როგორც სტუდენტებში, ისე ლექტორებში.

Ახლა დღის წესრიგში ფინალური გამოცდების საკითხი დგას, რომელზეც ყველაზე მეტი ქულათა წილი მოდის და თუ სტუდენტები რეგიონიდან ვერ მოახერხებენ ჩამოსვლას, მთელი სემესტრის ჯაფა წყალში ჩაეყრებათ. Აზრი დაეკარგება ჰიბრიდულ სწავლებასაც, რომელსაც, ავად თუ კარგად, მივაღწიეთ.

ვითხოვთ, სტუდენტებმა დისტანციურად შეძლონ გამოცდის ჩაბარება!”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.


თსუ-ში 2 მაისიდან (ანუ დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადავიდა. ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. რამდენიმეკვირიანი აქციების შემდეგ უნივერსიტეტმა გამოსცა ახალი ბრძანება და ფაკულტეტებს სწავლის ჰიბრიდული რეჟიმის ორგანიზების უფლება მიეცათ.

სტუდენტები ამბობენ, რომ გამოცდების ჩაბარებაც დისტანციურ რეჟიმში უნდა იყოს შესაძლებელი.