შეუძლებელია ამ ხალხის ჩვენთან შეერთების სურვილი უგულებელვყოთ - მედვედევი უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

პუბლიკა

„რაც შეეხება იმ ხალხის ნებას, ვინც ამ ტერიტორიაზე [დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ე.წ. სამხრეთ ოსეთი] ან სხვა ტერიტორიულ ერთეულებში ცხოვრობს, ჩვენ მათ სურვილს დიდი სიფრთხილით ვაანალიზებთ. გადაწყვეტილებებს კი რუსეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობით მივიღებთ“, – განაცხადა დმიტრი მედვედევმა შეკითხვაზე საპასუხოდ, მიიღებდა თუ არა რუსეთი სხვა სახელმწიფოებს თავის შემადგენლობაში.

მედვედევი დასძენს, რომ მათთვის შეუძლებელია ხალხის ნების იგნორირება. „შეუძლებელია ამ სურვილის უგულებელყოფა, მაგრამ იმისთვის, რომ მსგავსი საკითხები განვიხილოთ, საჭიროა შესაბამისი ფორმულირება“, – თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

მედვედევის თქმით, მათ უკვე მიუღიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, მის მიერ ხელმოწერილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ახლა კი დონბასში არსებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და ყირიმის მიერთება.

მედვედევის თქმით, სწორედ „ხალხმა გადაწყვიტა“, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებულიყო, მოსკოვში კი ხალხის ნებას სცეს პატივი.