არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი, რომელ პარტიაში გავერთიანდები - ვანო მერაბიშვილი

ვასკა მათითაიშვილი

ვანო მერაბიშვილმა „ღამის მთავარში“ განაცხადა, რომ კონკრეტულად გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ პოლიტიკურ პარტიაში გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ვინაიდან ბოლო 7 წლის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდა.

„მე გითხარით, რომ არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ პარტიაში გავერთიანდები… მე როცა ციხეში მოვხვდი პატიმრობაში, მაშინ ორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ერთიანი პარტია და მე პრაქტიკულად იმ განცდით ვარ დღესაც“.

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა მან ციხის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. კონკრეტულ გეგმებზე კი მოგვიანებით ისაუბრებს.

„წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება…“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა: 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.